«Die Zeit»: საქართველოს დაპირება არ შეუსრულეს, ალიანსს რუსეთის გაღიზიანება არ სურს, თბილისის იმედგაცრუება კი მატულობს

«Die Zeit»: საქართველოს დაპირება არ შეუსრულეს, ალიანსს რუსეთის გაღიზიანება არ სურს, თბილისის იმედგაცრუება კი მატულობს

georgien-nato„ის, ვინც საქართველოს დედაქალაქს თვითმფრინავით ეწვევა, აეროპორტიდან თბილისის ცენტრისაკენ ჯორჯ ბუშის სახელობის ქუჩით უნდა წავიდეს. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ქართველებში ძველებურად პოპულარულია: როგორც ცნობილია, იგი მტკიცედ უჭერდა მხარს პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების დემოკრატიზაციის პროცესს და ძალიან სურდა საქართველოს ნატოში გაწევრიანება. ჯორჯ ბუში ის კაცია, ვინც ცდილობდა თავისი ევროპელი კოლეგები საქართველოსთვის „მაპ“-ის, ანუ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიცემაში დაერწმუნებინა – გეგმისა, რომელიც საქართველოს ნატოში შესვლის გზაზე დააყენებდა. მაგრამ რადგანაც საფრანგეთმა და გერმანიამ აშშ-ის პრეზიდენტის სურვილს მხარი არ დაუჭირეს, ალიანსის 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციაში მხოლოდ ის ჩაიწერა, რომ „საქართველო ოდესმე გახდებაო ნატოს წევრი“ – ამის შესახებ გერმანულ გამოცემა „Die Zeit“-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი.

„მას შემდეგ რვა წელი გავიდა, მაგრამ საქართველო ჯერ კიდევ არ არის ნატოს წევრი, ანუ ალიანსს თავისი დაპირება დღემდე არ შეუსრულებია. აქედან გამომდინარე, ვარშავის სამიტი თბილისისთვის კიდევ ერთ იმედაგამაცრუებელ შეხვედრას წარმოადგენს: საქართველოს დელეგაცია ალიანსის უმაღლესი დონის შეხვედრაში უკვე მეხუთედ მონაწილეობს, მაგრამ მისი წევრი მაინც არ არის, მრავალი წლის ძალისხმევის მიუხედავად.

ნატოსათვის დაპირების შესრულება ძალიან რთული აღმოჩნდა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, საქართველოს გაწევრიანების მოწინააღმდეგეები არ ელოდნენ, რომ თბილისი ასეთ მიზანდასახულ, ურყევ პოზიციას გამოავლენდა. ქართველების ოცნება რუსეთთან 2008 წლის აგვისტოს ომმაც კი ვერ გააქრო. თბილისმა ნატოში გაწევრიანებისთვის აუცილებელი ყველა პირობა ზედმიწევნით შეასრულა. ამის მიუხედავად ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში, არავის არ შეუძლია თქვას, თუ როდის იქნება ალიანსი მზად თავის რიგებში საქართველოს მისაღებად.

საქართველოს მაგალითი ნათლად ადასტურებს იმას, თუ რამდენად პოლიტიზებულია ნატოს გაფართოების საკითხი, რუსეთ-დასავლეთის ურთიერთობის კრიზისის ფონზე. „ღია კარის პოლიტიკა“, რომელსაც ნატო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისადმი ახორციელებს, რუსეთის მიერ ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ მუქარად აღიქმება. ახლა კი, როცა ევროპის ქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება სურთ, გამოდის, რომ საქართველო კვლავ იმედგაცრუებული რჩება“- განაგრძობს სტატიის ავტორი და სვამს კითხვას: რითაა ჩერნოგორია საქართველოზე უკეთესი?

„საქართველოს წინაშე მდგარი დილემის („მიღება თუ არმიღება“) არსი ძალიან მკაფიოდ ჩანს ჩერნოგორიასთან შედარების დროს. გასულ წელს ნატომ ეს ქვეყანა თავის 29-ე წევრად მიიღო, რაზედაც თბილისმა შერეული, თავშეკავებული რეაქცია გამოხატა.

ერთი მხრივ, ჩერნოგორიის ნატოში მიღება დადებითი მოვლენაა, რადგანაც ალიანსი, რიგი პრობლემებისა და რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად, კვლავ ფართოვდება და „ღია კარის“ პოლიტიკა გრძელდება, ანუ თბილისს იმედი აქვს – დადგება დრო და ნატო თავის პირობას შეასრულებს; მეორე მხრივ, ქართველებში გულის გატეხვა შეიმჩნევა, რომ ჩერნოგორია მიიღეს და საქართველოს უარს უცხადებენ – მიუხედავად იმისა, რომ საქართველო თავისი 4,5 მილიონიანი მოსახლეობით ნატოს ყველა პირობას აკმაყოფილებს და მასთან აქტიურად თანამშრომლობს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებაში.

ამჟამად საქართველო, ნატოს არაწევრი სახელმწიფო, ავღანეთში ალიანსის სამშვიდობო მისიაში 861 ჯარისკაცითაა წარმოდგენილი, ჩერნოგორია კი, ნატოს წევრი სახელმწიფო, მხოლოდ 14 ჯარისკაცით. გარდა ამისა, საქართველო ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ერთადერთი არაწევრი სახელმწიფოა, რომელიც სწრაფი რეაგირების ძალებში მონაწილეობს“ – წერს ავტორი.

წყარო

banner
წინა სტატიაშიმაია რჩეულიშვილი არ გამორიცხავს, რომ დააკავონ
შემდეგი სტატიასასამართლომ მაია რჩეულიშვილის დაკავების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა-პროკურატურის განცხადება