„დიდსულოვან ადამიანზე ვწერ ამ დილაადრიან“ – ინგა გრიგოლია ნინო დარასელზე

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

„ერთი გოგოს ამბავი მადარდებს, ყველაზე მაგარი გოგოსი, რომელიც ცხოვრებაში შემხვედრია. ბევრი წლის წინ გავიცანი, ტელევიზიაში რომ მივედი. ყველა ეფერებოდა, ყველას ეფერებოდა. ყველა ემეგობრებოდა და ყველას უყვარდა. იმიტომ არა, რომ ძალიან ცნობილი ოჯახის შვილი იყო. არც იმიტომ, რომ თბილისური ბომონდის ერთ-ერთი გამორჩეული გოგო იყო. ყველას მართლა გულით უყვარდა, უბრალო, თავმდაბალი, ძალიან თბილი, ძალიან სათუთი და ძალიან საყვარელი. ძალიან ნიჭიერი და საოცრად კეთილი. უნიჭიერესი გოგო, რომელიც სულ იჩაგრებოდა ტელევიზიაში, იმიტომ, რომ ისეთი მამის შვილი იყო, რაც არ უნდა გაეკეთებინა, თითქოს სულ მამის ჩრდილში რჩებოდა…

დიდსულოვან ადამიანზე ვწერ ამ დილაადრიან. მე მსგავსი სიკეთის ადამიანი იშვიათად შემხვედრია (დედაც ზუსტად ასეთი ჰყავს)… კეთილდღეობაში გაზრდილი ადამიანებიდან ცოტა მახსენდება მისნაირი კეთილშობილი. იმდენი სიკეთე აქვს გაკეთებული, ენა ვერ აღწერს.

გუშინ, გადაცემის მერე ვფიქრობდი, რა უსამართლოა ეს ცხოვრება, რომ ასეთ გოგოს ამხელა განსაცდელი შეახვედრა-თქო.

ჰო, კიდევ ერთი, რაც მახსოვს სულ, ისაა, რომ ძალიან ემოციურია და მტირალა და გუშინდელი სასამართლოს კადრები რომ ვნახე ეკრანზე და მისი აცრემლებული თვალები, შემეშინდა, კამერების წინ არ ატირებულიყო. მერე, წუხელ, გადაცემაში რომ ჩავრთე, იქაც შემეშინდა, არ იტიროს-თქო… ძალიან გულწრფელია და ძალიან დიდი ადამიანი ეს გოგო, ძალიან მეძვირფასება, თავის არაჩვეულებრივ დედიკოსთან ერთად.

მთელი ღამე ვდარდობდი წუხელ, ჰოდა, გავიღვიძე თუ არა, უცებ მომინდა, რამე დამეწერა. ალბათ, ასეთი განსაცდელის დროს ერთადერთი რამ სჭირდება ადამიანს, უბრალოდ უთხრა, რომ ძალიან გიყვარს და მზად ხარ, მის გვერდით იყო გასაჭირში. ნინო დარასელი – ძალიან მიყვარხარ! ძალიან, ძალიან…” – წერს ინგა გრიგოლია.

banner
წინა სტატიაშიზღვაში გაჩერებული ასწლოვანი ტიტა ისევ ხმელეთზე დააბრუნეს
შემდეგი სტატიაე.წ. ცენტრ პოინტის საქმეზე პროკურატურა მსჯავრდებულებთან საპროცესო შეთანხმებას ძალაში ტოვებს