“დიდი ტრაგედია” – აფეთქების შედეგად გარდაცვლილების ხსოვნას სარალიძემ და მაჩალიკაშვილმა პატივი მიაგეს

დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს ზაზა სარალიძემ და მალხაზ მაჩალიკაშვილმა. პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩის ტრაგედიის დროს მოკლული დათუნა სარალიძის მამები ქაშვეთის ეკლესიაში იმყოფებოდნენ.

გუშინ ცხედრები ქაშვეთის ეკლესიაში მიასვენეს. ადგილზე იყვნენ შეკრებილები გარდაცვლილების ოჯახის წევრები და ახლობლები. ტაძარში სამოქალაქო პანაშვიდი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. დაღუპულების სულის მოსახსენიებელი პარაკლისი საქართველოს პატრიარქმა გადაიხადა. აფეთქების შედეგად დაღუპულებს დღეს დაკრძალავენ.

„ეს არა მარტო ამ ოჯახებისთვის, ეს მთელი საქართველოსთვის არის დიდი ტრაგედია. რაც ყველა ადამიანისთვის ძალიან მტკივნეულია და ისევე მტკივნეულია ჩემთვის. ძალიან ვარ შეწუხებული და ძალიან მტკივა ამ ოჯახების გამო გული. ღმერთმა იმქვეყნად ყველა გაანათლოს და ხსოვნა მათ სულებს. ღმერთმა აშოროს ასეთი ტრაგედიები ამ ქვეყანას. ეს ვისი ბრალით ხდება, რა ხდება, არ დავიწყებ ამის თაობაზე საუბარს. ტრაგედია ცხადია, როგორი ტრაგედია და როგორი მძიმე სურათია დღეს ჩვენს თვალწინ და ეს ძალიან მტკივნეული და სამწუხაროა,“ – განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

დიდ დიღომში ძლიერი აფეთქება, რამაც ნგრევა გამოიწვია, ოთხი დღის წინ მოხდა. ნგრევის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთი 4 წლის ბავშვი იყო. აფეთქების დროს 8 ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიების ფარგლებში “ყაზტრანსგაზის” ორი თანამშრომელი დააკავა, რომლებსაც გულგრილობას ედავება.

banner
წინა სტატიაშიგუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიაბათუმში ტემინალის მშენებლობის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს