დიდი შანსი გვაქვს, პირველივე ტურში გავიმარჯვოთ. მეორე ტურში კითხვის ნიშანი არაა

თუ დარჩნენ ერთეულები პარტიაში, მათ შევახსენებ, ნუ კეკლუცობენ, კეთილი ინებონ და სალომე ზურაბიშვილზე პარტიის პოზიციას პატივი სცენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა TV პირველის, „რუსთავი 2“-ისა და „იმედის“ ჟურნალისტებთან შეხვედრისას პარტიის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის შესახებ საუბრისას განაცხადა.

ბიძინა ივანიშვილმა მიმართა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, პირველსავე ტურში დაუჭირონ მხარი სალომე ზურაბიშვილს. მისივე თქმით, ბოლო კვლევებით, დიდი შანსია, სალომე ზურაბიშვილმა პირველსავე ტურში გაიმარჯვოს.

„კიდევ ერთხელ შევახსენებ გუნდის წევრებს – აბსოლუტური უმრავლესობა დღეს დარწმუნდა, რომ სწორი პოზიცია აიღო და მაქსიმალურად ცდილობს, მაგრამ კიდევ თუ დარჩნენ ერთეულები, მათ შევახსენებ, ნუ კეკლუცობენ და კეთილი ინებონ, პარტიის პოზიციას პატივი სცენ. ძალიან ღირსეული კანდიდატია სალომე ზურაბიშვილი და ის ძალიან ბევრს იმსახურებს, მაქსიმალურად მხარი დაუჭირონ.

დიდი შანსი გვაქვს, პირველივე ტურში გავიმარჯვოთ. მეორე ტურში კითხვის ნიშანი არაა. სალომე ზურაბიშვილი 100%-იანი ალბათობით იმარჯვებს. არის დიდი ალბათობა, რომ პირველსავე ტურში გაიმარჯვოს.

მინდა, მივმართო ყოფილ მხარდამჭერებს და მხარდამჭერების იმ ნაწილს, რომელიც მერყეობს სალომე ზურაბიშვილთან დაკავშირებით, რომ ის არის ძალიან ღირსეული კანდიდატი და ძალიან გთხოვდით, რომ აქტიურები იყავით 28-ში. შიდა კვლევებს აბსოლუტურად ვეთანხმები, რაც გამოაქვეყნა „ქართულმა ოცნებამ“.

იმ ფონზე, როდესაც სალომე ზურაბიშვილის ძირითად ოპონენტებად „ნაციონალური მოძრაობის“ ორ ნაწილს მოიხსენიებენ, არაფერი გასაკვირი და გასაოცარი არ არის, რომ დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ისეთი ბიოგრაფიით, როგორიც მას აქვს, პირველსავე ტურში გაიმარჯვოს. მივმართავ საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც ისტორიულად მხარს უჭერდა „ქართულ ოცნებას“, იქნებ პირველივე ტურში მოვახერხოთ და სალომე ზურაბიშვილი ავირჩიოთ“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილი – დღევანდელი პოლიცია, ნახეთ ბოლო მიტინგები, როგორ იქცევა და გაიხსენეთ პოლიცია, რომელიც დევნიდა, ხოცავდა საკუთარ მოქალაქეებს
შემდეგი სტატიარომის მეტროში ესკალატორი ჩამოინგრა, არიან დაშავებულები