დიდი ოდენობით ქრთამის აღების საქმეზე დაკავებულ ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს

ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას, რომელიც ქრთამის აღების საქმეზეა ბრალდებული შესაძლოა, საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეს.

თეიმურაზ ჩოჩუა წყალტუბოს საკრებულოს ყოფილ თავმჯდომარესთან, გრიგოლ ივანეიშვილთან ერთად არ ბრალდებული. ის, რომ თეიმურაზ ჩოჩუა გამოძიებასთან თანამშრომლობას გეგმავს, დღეს ჩვენების მიცემისას გრიგოლ ივანეიშვილმა თქვა.

სხდომის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა დაადასტურა, რომ ჩოჩუამ საგამოძიებო უწყებას საპროცესო შეთანხმების თაობაზე უკვე მიმართა.

„ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული არ არის. ეს დამოკიდებული იქნება ბრალდებულზე, რა პოზიცია ექნება მას მომავალ სასამართლო პროცესზე, ითანამშრომლებს თუ არა გამოძიებასთან. ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება“, – განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.

ამ დროისთვის, არც თეიმურაზ ჩოჩუა და არც გრიგოლ ივანეიშვილი ქრთამის აღების ბრალს არ აღიარებენ. შემდეგი სხდომა მათ საქმეზე 18 ოქტომბერს 16:00 საათზეა ჩანიშნული.

გამოძიების ინფორმაციით, გრიგოლ ივანეიშვილი უცხოელ ბიზნესმენს ქალაქ წყალტუბოში მდებარე საკრებულოს ყოფილი შენობის წინასწარ შეთანხმებულ ფასად აუქციონზე გატანას და აღნიშნული აუქციონის გზით ხსენებული ქონების შესყიდვაში დახმარებას დაჰპირდა, რის სანაცვლოდაც ქრთამის სახით 250 000 ლარის გადახდა მოსთხოვა.

სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს განცხადებით, გრიგოლ ივანეიშვილის ინიციატივით, ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის გადახდის გარანტად უცხოელმა ბიზნესმენმა მისი კუთვნილი ფირმის 16%-იანი წილი გადაუფორმა ივანეიშვილის ნდობით აღჭურვილ პირს.

ანტიკორუფციული სააგენტოს ინფორმაციით, 2018 წლის 26 დეკემბერს თვითმმართველმა ერთეულმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტმა გამოაცხადა ელექტრონული ტენდერი წყალტუბოში, შანიძის პირველ ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობის და მიწის ნაკვეთის შესყისდვასთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო უცხოელმა ბინზესმენმა და გრიგოლ ივანეიშვილის დახმარებით შეძლო აღნიშნული შენობის და მიწის ნაკვეთის წინასწარ შეთანხმებულ და ხელსაყრელ ფასად შეძენა.

„დანაშაულის შენიღბვის მიზნით, გრიგოლ ივანეიშვილმა უცხოელ ბიზნესმენთან გააფორმა ფიქტიური სესხის ხელშეკრულება და ამ უკანასკნელს 250 000 ლარი თავისი შვილის ანგარიშზე ჩაარიცხინა. აღნიშნული გადარიცხვის შემდეგ, 2019 წლის 25 იანვარს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს”, – აღნიშნულია საგამოძიებო უწყების განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” ქვეპუნქტით აწარმოებს, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას გულისხმობს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, კოდექსის მიხედვით, გრიგოლ ივანეიშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

banner
წინა სტატიაშიირმა ინაშვილი ხელისუფლებას რევოლუციით ემუქრება
შემდეგი სტატიადევნილები ჯანდაცვის სამინისტროში შეიჭრნენ