მიხეილ სააკაშვილი ევროპარლამენტს მიღებული რეზოლუციისთვის მადლობას უხდის და წერს, რომ ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო ყოველთვის სიმართლის მხარესაა:
“დიდი მადლობა ევროპარლამენტს მორიგი რეზოლუციისთვის, რომელიც ითხოვს ჩემს გათავისუფლებას.
ევროპის მთავარი საკანონმდებლო ორგანო, როგორც ყოველთვის იჭერს სიმართლის პოზიციას. ეს არა მხოლოდ ჩემს მიმართ მხარდაჭერის, არამედ საქართველოშიც და უკრაინაშიც, ჩემი მილიონობით მომხრისათვის მხარდაჭერის გამოხატვაა.
ამავე დროს, ასობით ათასი საქართველოში მცხოვრები მოქალაქე რიგებში დგას მთელს ქვეყანაში, ჩემი გათავისუფლების მოთხოვნის ხელმოსაწერად და არასდროს დავიღლები, რომ მათ ვუთხრა მთელი გულით მადლობა. მათი ხმა ევროპარლამენტარებზე არანაკლებ მნიშვნელოვანია!” ნათქვამია მესამე პრეზიდენტის განცხადებაში.
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში დაგმობილია საქართველოსთან დაკავშირებით რუსეთის მიერ გატარებული საოკუპაციო ქმედებები, მხარდაჭერილია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და უკიდურესად ნეგატიურადაა შეფასებული კრემლის ახალი სამხედრო პროვოკაცია, რაც ოჩამჩირეში სამხედრო-საზღვაო პორტის მშენებლობით გამოიხატება. ანგარიშში ასევე შევიდა დეპუტატ ანა ფოტიგას ჩასწორება, კერძოდ ტექსტს დაემატა მოწოდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისადმი, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი. აქვე, აღნიშნულია, რომ ეს ხელს შეუწყობს ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას. ფოტიგას კიდევ ერთი ინიციატივა ოკუპირებულ რეგიონებს და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას შეეხებოდა.