ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, მდინარე დიდი ლიახვის ხეობაში, მაშველები უკვე მეორე დღეა ეძებენ რუსეთის მოქალაქეს, 52 წლის რეჟისორსა და სცენარისტ ანა ტიცს, რომელიც დაკიდებული ხიდიდან მდინარეში გადავარდა.
დე ფაქტო უწყებების ინფორმაციით, ძლიერი დინების გამო ქალი შესაძლოა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდეს. აღნიშნული ინფორმაცია უკვე გადაეცა თბილისს, რის შემდეგაც ქართულმა მხარემ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სასაზღვრო მონაკვეთიდან გორის მიმართულებით სამძებრო ღონისძიებები დაიწყო.
სამძებრო ოპერაციის დეტალები:
სამძებრო ზონის საერთო სიგრძე მდინარე დიდი ლიახვის გასწვრივ დაახლოებით 70 კილომეტრს მოიცავს.
მაშველების მუშაობას განსაკუთრებით ართულებს ბოლო დღეებში წყალდიდობების შედეგად მდინარეების მკვეთრად მომატებული დონე. ოპერაციაში ჩართულია უპილოტო საფრენი აპარატებიც.
შემთხვევა ჯავის რაიონის სოფელ ზგუბირში მოხდა, სადაც ანა ტიცი კოლეგასთან ერთად სასეირნოდ იმყოფებოდა, რა დროსაც დაკიდებული ხიდიდან მდინარეში გადავარდა და ძლიერმა დინებამ წაიღო.
პარასკევს ჩატარებულმა სამძებრო სამუშაოებმა შედეგი ვერ გამოიღო, რის გამოც ოპერაცია შაბათს დილამდე დროებით შეჩერდა. დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევის განცხადებით, საკითხი მან პირად კონტროლზე აიყვანა.

















