“დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება ამ პროცესის ისევ დაძვრა,”-ელენე ხოშტარია ვიზალიბერალიზაციაზე საუბრობს

ელენე ხოშტარია:

ევროპული საბჭო საქართველოს უვიზო მიმოსვლის პერსპექტივებზე, სავარაუდოდ, მომავალ კვირას იმსჯელებს. წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე გაიმართება.

მთავრობაში აცხადებენ, რომ საკითხის გადაწევა შიდა პოლიტიკას არ უკავშირდება და შემაფერხებელი ფაქტორი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის მიგრაციის პრობლემებია.

„საუბარია იმაზე, რომ ახლა არ იყოს გადაწყვეტილება და სექტემბერში გადაიწიოს, რაც შეეხება შიდა პოლიტიკურ მოვლენებს, ამას არანაირი კავშირი არა აქვს ვიზალიბერალიზაციასთან. იქ არის ევროპული ქვეყნების პრობლემები რაც მიგრაციასთან დაკავშირებით არსებობს. საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა ვიზების გარეშე იმოგზაურონ ევროპულ ქვეყნებში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

ნაციონალური მოძრაობის წევრი ელენე ხოშტარია იმედოვნებს, რომ ხელისუფლების შეცდომების გამო ქვეყანა არ დაზარალდება და საქართველო ამ ისტორიულ მომენტს ხელიდან არ გაუშვებს.

„სამწუხაროა რომ ხელისუფლებამ ინტენსიურად არ იმუშავა ამ ქვეყნებთან და ზოგადად იმ არასტაბილური ვითარებით კრიმინოგენული ცუდი სიტუაციით და ძალადობრივი ფონით, ბუნებრივია, ჩვენ ხელს არ ვუწყობთ ამ ქვეყნების შინაგან საქმეთა მინისტრების დარწმუნებას. ამ მხრივ ეს საფრთხეა მთლიანად ამ პროცესისათვის. თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ მოხდება ამ პროცესის ისევ დაძვრა და მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხი, საქართველო, არ დაზარალდეს და არ დაისაჯოს ხელისუფლების შეცდომების გამო და ეს ისტორიული მომენტი არ გავუშვათ ხელიდან,“ – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიგორის მერი – გორის საკრებულო საკმაოდ ტენდენციური გახდა
შემდეგი სტატია“ვალდორფის სკოლაში” ზაფხულის მოსვლის აღსანიშნავ ზეიმს საქართველოს პირველი ლედი დაესწრო