დიდი ღალატი – რუსეთის ეკლესია აფხაზეთში ილია მეორესთან შეთანხმებით მოქმედებს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 28, 2019 16:53

დიდი ღალატი – რუსეთის ეკლესია აფხაზეთში ილია მეორესთან შეთანხმებით მოქმედებს

მაშ, ასე! საქართველოს საპატრიარქო ბოლო 30 წლის განმავლობაში ამ მასშტაბის სკანდალში არ გახვეულა. თუ ქართული საზოგადოება ამ სკანდალს წაუყრუებს, მორიგჯერ დაადასტურებს საკუთარ უკიდეგანო კონფორმიზმსა და ფარისევლობას. სხვა ვარიანტებს არც განვიხილავ. თუმცა ისტორია და, განსაკუთრებით, საეკლესიო ისტორია, ამ სკანდალს სათანადო სახელს მოუძებნის, რომლის კონტექსტი აუცილებლად იქნება -ღალატი და რუსული ინტერესების მსახურება.

საქართველოს საპატრიარქოს მხრიდან ხშირად ისმის კითხვა, რომელიც ღიად დაუსვამთ ჩემთვისაც, თუ რით ვამტკიცებთ რუსულ გავლენებსა და რუსეთის მსახურებას საქართველოს საპატრიარქოში? როდესაც მოგყავს ფაქტები, აფასებ მოვლენებს მათი შედეგებისა თუ განგრძობადი პროცესის მიხედვით, ეს მათ არგუმენტად არ მიაჩნიათ და „დოკუმენტს“ ითხოვენ. ანუ მათსავე ბუდუარებსა თუ სეიფებში ჩაკეტილ „უდოსტოვერენიებს“, სადაც ეწერება, რომ ესა და ეს პიროვნება არის ФСБ-ს, ГРУ-ს თანამშრომელი ან, სულაც, ძველ КГБ-ს წიგნაკს. თურმე თუ ამას ვერ აუფრიალებ ცხვირწინ, რუსული კვალი არსად ჩანს. თურმე ვერ უმტკიცებ რუსეთის „აგენტობას“.
მივყვეთ თანმიმდევრობით: რუსულ და აფხაზურ მედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა რაულ ხაჯიმბას აფხაზეთის პრეზიდენტად არჩევა მიულოცა. ინფორმაცია გადმოაქართულა საქართველოს მედიამაც. სოციალურ ქსელში აქტიურად განიხილებოდა ერთმორწმუნის მიერ განხორციელებული ქმედება და საზოგადოება საქართველოს საპატრიარქოსგან რეაგირებას ითხოვდა.
საქართველოს საპატრიარქო იძულებული იყო, რაღაც ეთქვა და თქვა: „მისი უწმინდესობა კირილის ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად“.
„მართალია, მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე არ იძებნება აფხაზეთის „პრეზიდენტისადმი“ რუსეთის ეკლესიის მეთაურის მილოცვა, მაგრამ ვინაიდან მათ ეს ფაქტი არ უარყვეს, ჩვენს პოზიციას ვაფიქსირებთ:
აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს. ამ ფონზე მისი უწმინდესობა კირილის ქმედება ჩვენთვის გაუგებარია და აღიქმება სეპარატიზმის წახალისებად, რაც ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისკენ სწრაფვის შემაფერხებელია.
გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და, გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას“, – აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.
ქართველმა მრევლმა გამარჯვების ყიჟინა დასცხო და საპატრიარქოს პრინციპულობა მოუწონა, თუმცა ეს ეიფორია დიდხანს არ გაგრძელებულა.
საპატრიარქოს განცხადება ბერძნულად ითარგმნა და გამოქვეყნდა, რის შემდეგაც უცებ გაირკვა, რომ განცხადება სწორედ რომ ქართველი მრევლისა და საზოგადოების თვალში ნაცრის შესაყრელად, გულის მოსაგებად იყო დაწერილი, ანუ შიდა მოხმარებისთვის. ბერძნულმა თარგმანმა ყველაფერი თავდაყირა დააყენა (ისე, როგორ არ მიკვირს, რატომ სძულთ საპატრიარქოში, სემინიარიასა და აკადემიაში ბერძნული ენა და სტუდენტებს რუსულისა და ხუცურის ცოდნას აიძულებენ მხოლოდ!).
თარგმანის კომენტარებში ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის (გახსოვთ ხომ ალფეევი, ვინც არის?!) მდივანმა, მღვდელმანოზონმა გრიგორი სოკოლოვმა, ერთმნიშვნელოვნად და საკმაოდ მკაცრად აღნიშნა: „რასაც მოსკოვის ეკლესია აფხაზეთში აკეთებს, ეს ყველაფერი პატრიარქის პატივისცემის გამო ხდება და ყველაფერი საქართველოს პატრიარქთან არის შეთანხმებული“(!!!).
მოკლედ, მღვდელმონაზონ გრიგორი სოკოლოვის პასუხი ასევე ბერძნულ ენაზე გამოქვეყნდა და იგი წერს: „ტყუილები. მოსკოვის საპატრიარქოს თანამედროვე ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა შემთხვევა, მას ეჭვქვეშ დაეყენებინა საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორია. თუ ამბობთ, რომ უკრაინაში არ ვუნდივართ…. ისიც თქვით, თუ რამდენად არ უნდათ ქართველები აფხაზეთსა და ოსეთში. და რატომ? რასაც ჩვენი ეკლესია ცდილობს გააკეთოს იქ, ამას აკეთებს საქართველოს პატრიარქის პატივისცემისა და მასთან შეთანხმების გამო. დიდ შთაბეჭდილებას მიტოვებს, აქამდე როგორ არ შეჭამეს ამერიკელებმა ის“.
რამეს სჭირდება დამატებითი განმარტება? ანუ „გადაკრასკული“ ილორი და რაც მთავარია, აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართულად წირვა-ლოცვის აკრძალვა საქართველოს პატრიარქის პატივისცემაა და მასთან შეთანხმებით ხდება?! ამაზე ქვემოთ კიდევ ვისაუბრებ ვრცლად, მაგრამ აქვე ისიც საინტერესოა, ნეტავ, ამერიკელებს რატომ უნდა შეეჭამათ პატრიარქი? სოხუმი და ცხინვალი ამერიკას აქვს დაპყრობილი?!
ვიღაც იტყვის, რომ მღვდელმონაზონი გრიგორი სოკოლოვი ცრუობს და არაფერ შეთანხმებაზე საუბარი არ ყოფილა და ვერც იქნებოდა, მაგრამ რა ვუყოთ ფაქტებს? რა ვუყოთ იმას, რომ მხოლოდ თეოლოგებისა და საეკლესიო საკითხებით დაინტერესებული პირების აქტივობის შემდეგ გაამახვილა ყურადღება საპატრიარქოს ცალკეულმა წარმომადგენელმა იმაზე, რომ რუსეთის პატრიარქმა და რუსულმა ეკლესიამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის წოდება ჩამოაწერა?
რა უნდა თქვა იმაზე, რომ სწორედ აფხაზეთის, კერძოდ, სვიმონ კანანელის სახელობის მონასტრის საკითხთან დაკავშირებით კომისიის შექმნის წინადადების განხილვისას დაუყენა ილარიონ ალფეევმა ულტიმატუმი პატრიარქს, რომ ამ კომისიას მეუფე შიო ჩასდგომოდა სათავეში და იგი მოსაყდრედ დაესახელებინა, რაც აღასრულა კიდეც ილია მეორემ მოთხოვნიდან რამდენიმე კვირის შემდეგ?!
რა უნდა თქვა იმაზე, რომ საპატრიარქოს არც ერთი მკვეთრი განცხადება არ გაუკეთებია აფხაზეთში ქართული ტაძრებისა და ეკლესიების შელახვისა და ხელყოფის გამო?! რამდენიმე მსუბუქ ტექსტს თუ არ ჩავთვლით, ეს საკითხი არასოდეს გაუხდია მართლმადიდებელთა მსოფლიო საძმოს სამსჯავროზე განსახილველ საკითხად.
მაჩვენეთ საქართველოს საპატრიარქოს პროტესტი აფხაზეთში მაიკოპის მიტრიპოლიტის ხელდასხმული სასულიერო პირების მიმართ, უფრო სწორად, ამ თავნებობის წინააღმდეგ.
ამიხსენით, რატომ ინარჩუნებს საკუთარ „სულიერ შვილად“ და არ განკვეთს საქართველოს ეკლესია ბესარიონ აპლიას, რომელიც ღიად იბრძვის საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიის წინააღმდეგ აფხაზეთში?
მანახეთ, ერთი, ამ დროს ასეულობით და ლამის ყოველდღიური განცხადება უნდა იყოს აფხაზეთის ეკლესიებში ქართული ენის ამოძირკვისა და წირვა-ლოცვის რუსულ ენაზე მიმდინარეობის შესახებ.
სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს საპატრიარქოს რუსეთის ეკლესიის ფილიალიად ყოფნის დასტურად კრეტის კრების ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც კმარა. ისე, იმაზე სამარცხვინო რა უნდა იყოს, როდესაც მსოფლიო საპატრიარქოსა და მართლმადიდებლურ სამყაროში ღიად ხუმრობენ, – როდესაც ალფეევი დუმს, რუსეთის ზრახვების გასაგებად სულაც არ არის აუცილებელი ბევრი ფიქრი, მოსკოვის გახმოვანებას გადასარევად ახერხებენ მეუფე ანდრია გვაზავა და სხვა ქართველი ღვთისმსახურებიო.
ამ ყველაფრის ფონზე (მერწმუნეთ, არასრული ჩამონათვალია) განა, ფარისევლობა, თვალთმაქცობა, საკუთარი თავისა და მრევლის მოტყუება არ არის განცხადებები, რასაც აფხაზეთთან მიმართებით საქართველოს საპატრიარქოში აკეთებენ? ანუ, თურმე, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობას აღიარებს და, მათ შორის, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კუთვნილების საკითხში. და თუ ჩვენ გონივრულად არ მოვიქცევით, არის საფრთხე, რუსეთმა „აფხაზეთის ეკლესიის“ (ამ დროს ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს) ავტოკეფალია აღიაროს. რეალურად, ეს არის ქართული სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეების დაშანტაჟება.
ცხადი ხდება, რომ მღვდელმონაზონ გრიგორი სოკოლოვის პასუხი აშიშვლებს საქართველოს საპატრიარქოს დამოკიდებულებას ოკუპაციისა და ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ. მაგრამ ახლა საინტერესო ის არის, ჰქონდა კი საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქის ამ შეთანხმებას სინოდის წევრთა თანხმობა? და თუ არ ჰქონდა, საეკლესიო წესების მიხედვით როგორ შეიძლება, ეს ქმედება შეფასდეს? ან როგორ უნდა შეფასდეს ეს საერო კონტექსტში?
„ჯერ კიდევ შარშან, პირველად ქართულ სივრცეში, ბატონმა პაატა ზაქარეიშვილმა გააჟღერა ცნობა, რომ რუსეთის საპატრიარქოს სამღვდელოება საქართველოს პატრიარქოს თანხმობით მსახურობს აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ამ სკანდალურ განცხადებას საზოგადოებისგან გამოხმაურება არ ჰქონია. მხოლოდ ფოთის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა გამოხატა გაკვირვება ამ ფაქტის გამო ერთ ტელეინტერვიუში. მართლაც, არც სინოდის წევრებმა, არც სამღვდელოებამ, არც მრევლმა ამის შესახებ არაფერი ვიცით და ეს თუ ასეა, ამის გაკეთება მალულად წარმოუდგენელია პატრიარქის მხრიდან, რადგან ესაა საერთო საეკლესიო და ეროვნული საკითხი. საქართველოს საპატრიარქოს კი ეს ინფორმაცია არც დაუდასტურებია და არც უარუყვია“, -აცხადებს „ქრონიკა+“-სთან საკითხის კომენტირებისას დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
ახლა შევეცდები ავხსნა, რატომ არის სარწმუნო ის, რაც მღვდელმონაზონმა გრიგორი სოკოლოვმა დაწერა. ამის შესახებ, ჯერ კიდევ, მაისში გამოვაქვეყნე მასალა და ახლა რამდენიმე ფაქტის გახსენება მომიწევს:
საქართველოს ამჟამინდელ ხელისუფლებას საკმაოდ პრაგმატული გეგმა ჰქონდა აფხაზეთთან მიმართებით, რომელიც საქართველოს საპატრიარქომ ჩაშალა (აქვე ვიტყვი, რომ ამ მხრივ არანაირი გეგმა არ ჰქონდა წინა ხელისუფლებას და ბრმად მიჰყვებოდა საპატრიარქოს ნარატვს იმის შესახებ, რომ რუსეთის ეკლესია აფახაზეთზე საქართველოს ეკლესიის უფლებას აღიარებს). მოკლედ, გეგმის არსი შემდეგი გახლდათ _ რადგან საქართველოს მართლმადებელი ეკლესია ვერ ახერხებდა აფხაზეთის ტერიტორიაზე ღვთისმსახურების განხორციელებას, პარალელურად ინტენსიურად ზიანდებოდა ქართული ისტორიული ძეგლები, ტაძრები, ეკლესიები, ქართველი მრევლი, რეალურად, მწყემსის გარეშე რჩებოდა. დროებით უნდა გაფორმებულიყო შეთანხმება მსოფლო საპატრიარქოსთან, აფხაზეთში მისიონერული საქმიანობის განხოციელების შესახებ.
შეთანხმებას უნდა მოეცვა წირვა-ლოცვისა და სხვა საეკლესიო წესების აღსრულება, ქართველი ღვთისმსახურების ინტეგრირება მსოფლიო საპატრიარქოს საქმიანობაში და მისი ეგედით ფარანის მიერ აფხაზეთში მივლინება.
ჩნდებოდა შანსი, ქართველი მრევლი არ დარჩენილიყო რუსეთის ეკლესიის პირისპირ. იმ შემთხვევაში, თუ გაძნელდებოდა ქართველი ღვთისმსახურების აფხაზეთში მივლინება, მსოფლიო საპატრიარქო თავად უზრუნველყოფდა წირვა-ლოცვის ქართულ ენაზე აღსრულებას.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკითხი ილია მეორესთან შეათანხმეს და მსოფლიო საპატრიარქოსთან ინტენსიური მუშაობა დაიწყო.
მსოფლიო საპატრიარქომ, თავის მხრივ, კონსულტაციებში ჩართო გაერო, ევროკავშირი და სხვა საერთაშორისო ინსტიტუტები. მიიღო დაცულობისა და მხარდაჭერის სრული გარანტიები – თანადგომის პირობა როგორც უსაფრთხოების, ასევე ჰუმანიტარული საქმიანობის განხორციელებასა და ხელშეწყობაში.
სასწრაფოდ მომზადდა პროექტი, მსოფლიო საპატრიარქოს ეგიდით აფხაზეთში უმაღლესი კლასის საავადმყოფოს ამოქმედების შესახებ; ასევე დამუშავდა რამდენიმე მასშტაბური ჰუმანიტარული პროექტი.
კულუარული მოლაპარაკებები მხარეებმა წარმატებით დაასრულეს. რჩებოდა მხოლოდ ერთადერთი პროცედურა – საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს ოფიციალურად უნდა მიემართა შესაბამისი შუამდგომლობით მსოფლიო საპატრიარქოსთვის, მანამ კი განჩინება მიეღო წმინდა სინოდს, რის შემდეგაც გაფორმდებოდა ხელშეკრულება: საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის დასრულებამდე აფხაზეთში _ ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიებში, მსოფლიო საპატრიარქოს მისიონერული საქმიანობის შესახებ.
თქვენს ყურადღებას გავამახვილებ შემდეგ გარემოებაზე – ის, რომ ეს იქნებოდა დროებითი ღონისძიება, ამის ხაზგასმას დაჟინებით მოითხოვდა მსოფლიო საპატრიარქო. კონსტანტინოპოლი აცხადებდა, რომ აფხაზეთში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმპყრობლისა და წმინდა სინოდის თანხმობის ვადის დათქმის გარეშე (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენამდე) შეთანხმებულ საქმიანობას არ დაიწყებდა.
სწორედ ამ დროს, როდესაც მოლაპარაკებები დასრულებული იყო და შეთანხმების ფორმალური, იურიდიული ნაწილის გაფორმება რჩებოდა, კონსტანტინოპოლში ჩავიდა საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია და მეუფე დიმიტრიმ (შიოლაშვილი) შეთანხმება ჩაშალა. აბა, სხვას ვის ანდობდა ამ საქმის ჩაშლას პატრიარქი, რომელსაც, როგორც მღვდელმონაზონ გრიგოლი სოკოლოვის განცხადებიდან ირკვევა, აფხაზეთში რუსული ეკლესიის საქმიანობა დიდი ხანია, შეთანხმებული აქვს მოსკოვთან.
მსოფლიო საპატრიარქოში გაოცებულნი დარჩნენ იმის გამო, რომ მიტროპოლიტმა დიმიტრიმ უშვერად ლანძღა ამ იდეის ავტორები. განაცხადა, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ცხუმ-აფხაზეთისა და ბიჭვინთის ეპარქიებში არანაირი პრობლემა არ აქვს, ხოლო ბესარიონ აპლია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სულიერ შვილად, მოღვაწედ და მისი ეგიდით მომქმედ ღვთისმსახურად აღიარა. აღინიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული ნებისმიერი ქმედება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ განხილული იქნება, როგორც მის საქმეებში ჩარევა და ეს გახდება სქიზმის საფუძველი.
ამ ქმედებით საქართველოს საპატრიარქომ მნიშვნელოვნად დააზიანა საქართველოს ხელისუფლების ავტორიტეტი, მაგრამ მთავარია, მიზანი მიღწეულ იქნა და აფხაზეთი კვლავაც დარჩა რუსეთის ეკლესიის არაფორმალური მართვის ქვეშ.
ცხადია, ამ ფაქტის შემდეგ მსოფლიო საპატრიარქოში აფხაზეთის საკითხის გაგონებაც არ სურთ. მეტიც: შეხვედრის შემდეგ ფარანში იმასაც ამბობდნენ, – რუსეთის რუპორი რუსეთის წინააღმდეგ როგორ წავიდოდა, თუმცა ვიმედოვნებდით, რომ პატრიარქ ილია მეორის სიბრძნე მაინც შეეშველებოდა საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას. თუმცა, საბოლოოდ, საკითხი მაინც საქართველოს ეკლესიის გადასაწყვეტია, ანუ ვისთან იქნებიან – ღმერთისა და ხალხის სამსახურში თუ საკუთარი კეთილდღეობისა და რუსეთისო?
საეკლესიო წრეებთან დაახლოებული პირებისთვის, თეოლოგებისთვის კარგად არის ცნობილი, რომ ილია მეორემ 2011 წელს კირილე გუნდიაევთან კიევში გამართული შეხვედრის დროს შეათანხმა, „აფხაზეთისთვის რუსეთს მიეხედა“. ანუ მან არაფორმალურად, იმ დათქმით, რომ რუსეთის ეკლესია საქართველოს ეკლესიის ერთიანობის ურღვევობის დეკლარირებას მოახდენდა, აფხაზეთში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ეპარქიები რუსეთს გადასცა. სწორედ ამ ფაქტზე აპელირებს პაატა ზაქარეიშვილიც. ამ შეთანხმებას მოყვა მისთვის „ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის“ წოდების ჩამოჭრა. დიახ, ამის შესახებ საეკლესიო კულუარულ წრეებში ცნობილი იყო, მაგრამ მხარეები დუმდნენ და მხოლოდ ვარაუდებზე, რომელიმე მხარის დასტურის გარეშე, მისი აპრიორი დამტკიცება რთულდებოდა. მაგრამ ახლა უკვე ყველაფერი ნათელია _ მღვდელმონაზონმა გრიგორი სოკოლოვმა ღიად დაადასტურა, რომ საქართველოს ეკლესიისა და ქართული სახელმწიფოს ზურგს უკან არსებობს შეთანხმება აფხაზეთში რუსეთის ეკლესიის საქმიანობის შესახებ.
ამ ყველაფრის შემდეგ ისევ კითხვა ალფეევის მდივნის კომენტარის კონტექსტში, _ სწორედ კათოლიკოს-პატრიარქის გარიგება-თანხმობა ხომ არ გახდა მსოფლიო საპატრიარქოსთან საქართველოს ხელისუფლების შეთანხმებული გეგმის ჩაშლის მიზეზი, რომელსაც, როგორც მთავარ საყდარს, პირველ რიგში უნდა „მიეხედა“ აფხაზეთისთვის?
„როგორც ვიცი, ინიციატივა თავად მსოფლიო საპატრიარქოდან მოდოდა, თუ არ ვცდები. შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებაშიც იყო ეს აზრი. ყოველ შემთხვევაში, მე რაც დადასტურებულად ვიცი, ესაა: ჯერ კიდევ 1990-იანი წლებიდან მოსკოვის საპატრიარქო და პატრიარქი ალექსი მეორე ითხოვდნენ საქართველოს პატრიარქისგან აფხაზეთსა და ცხინვალში მსახურებისა და დროებითი (უვადო) იურისდიქციის უფლებას და საქართველოს პატრიარქი და სინოდი უარით პასუხობდა. ეს დოკუმენტები გამოქვეყნებულია. თუ რაიმე შეიცვალა პატრიარქ კირილის მმართველობისას და ამაზე საუბრობს მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის მოადგილე, ეს უკვე გამოსარკვევია“, _ აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
და მაინც, ასეთ ვითარებაში რა გამოსავალი არსებობს, რომ რუსეთს წავგლიჯოთ საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის თანხმობის გარეშე ერთი პირის, თუნდაც, უმაღლესი იერარქის, ინიციატივით მიკუთვნებული ეპარქიები?
დეკანოზი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხზე აუცილებელია იმსჯელოს წმინდა სინოდმა და ოფიციალური პოზიცია გამოაქვეყნოს.
„უპირველესად, საქართველოს საპატრიარქოსგან და წმინდა სინოდისგან უნდა მოვისმინოთ ოფიციალური პოზიცია და პასუხი ამ საკითხზე, რათა საბოლოოდ გაგვარკვიონ, რა ხდება?! ვინ ცრუობს?! მხოლოდ ამის შემდგომ შესაძლებელია კონკრეტული აზრის ჩამოყალიბება დასმულ საკითხზე“, – აცხადებს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.
მოკლედ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტ ილარიონ ალფეევის მდივანმა, მღვდელმონაზონმა გრიგორი სოკოლოვმა, საქართველოს საპატრიარქოს ერთი „უწყინარი“ განცხადებაც არ აპატია. განცხადება, რომლის მეშვეობითაც საპატრიარქო შეეცადა, ქართული საზოგადოების თვალში წარმოჩენილიყო ოკუპაციის წინააღმდეგ მებრძოლ ინსტიტუციად, რუსეთმა მას თავზე გადაახია. დიახ, არ აპატია და ეს სულაც არ არის გასაკვირი. კომენტარის ტექსტში ნახსენები „მოსკოვის საპატრიარქოს თანამედროვე ისტორიის მანძილზე არასოდეს ყოფილა შემთხვევა, მას ეჭვქვეშ დაეყენებინა საქართველოს საპატრიარქოს კანონიკური ტერიტორია“, მინიმუმ, ცინიზმია. ეს რომ ასე არ არის, ამის დასტურია ის, რაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ხდება. პატრიარქისადმი რუსეთის „პატივისცემა“ ფამილარობაა და ამის დასტურია მისი გაკრეჭილი ტიტული. ხოლო პატრიარქთან „შეთანხმება“ თვალნათლივ ადასტურებს საქართველოს ეკლესიის საპატრიარქოს მოღალატეობრივ საქმიანობას და რუსული ინტერესების მსახურებას. ამ ყველაფრის შემდეგ ეგ თქვენი დაობებული „უდოსტოვერენიები“ კიდევ უფრო საიმედოდ გადამალეთ. მეფე შიშველია -საპატრიარქო ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ დიდი ღალატის მონაწილეა, რომელიც ამჯერად პატრონმა ჩაუშვა. სარგებლობის ვადა გაუვიდათ, გამოყენებული და ყავლგასული აგენტები კი არავის სჭირდება.

 

გოჩა მირცხულავა.

“ქრონიკა+”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge სექტემბერი 28, 2019 16:53

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,249
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics