დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში აისახა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა

ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში ცალკეა გამოყოფილი რუსეთის გავლენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე და ასევე, ეთნიკური ქართველების მიმართ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები.

ამით ბრიტანული მხარე რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას პასუხისმგებლობას აკისრებს ადგილზე ეთნიკური ქართველების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, ე.წ. გამშვები პუნქტების უმეტესობის დახურვაზე, ასევე განათლების, ჯანდაცვისა და საკუთრების უფლებების შეზღუდვაზე.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია 2018 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 10 წლისთავი და ხაზგასმულია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეასა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ინიცირებული რეზოლუციების მიმართ:

„2018 წელს აღინიშნა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ათი წლისთავი. რუსეთის გავლენა საქართველოს რეგიონებში – აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში კვლავაც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დარღვევას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაშინებას. კვლავ გრძელდება გადასასვლელი პუნქტების უმეტესობის დახურვა, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. კვლავ გამოწვევად რჩება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ჯანდაცვისა და საკუთრებაზე ხელმისაწვდომობა. ამავდროულად არსებობს მონაცემები აფხაზეთის რეგიონში ეთნიკური ქართველების მიმართ დოკუმენტების მოპოვებასთან დაკავშირებით დისკრიმინაციის ფაქტების თაობაზე. გაერთიანებული სამეფო გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეასა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ინიცირებული რეზოლუციების მიმართ“.

ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის ოფიციალური პრეზენტაცია თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ლორდ აჰმად უიმბლდონის მიერ, 6 ივნისს, ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისში, გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ანგარიშში პირველად 2016 წელს მოხვდა, გაერთიანებულ სამეფოს საგარეო უწყებასთან და პარლამენტთან საქართველოს საელჩოს აქტიური თანამშრომლობისა და ძალისხმევის შედეგად.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა კრედიტის უკანონოდ მიღების ფაქტზე ათი პირი ამხილა
შემდეგი სტატიასახელმწიფო ინსპექტორის კონკურსი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს – სალაძე კონკრეტული კანდიდატისთვის შერჩეულ კრიტერიუმებზე საუბრობს