დიდი ბრიტანეთის საელჩომ ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა

დიდი ბრიტანეთის საელჩომ ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ შეშფოთებულები არიან მმართველი პარტიის მიერ შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის გადაწყვეტილებით.

განცხადებაში ასევე ნახსენებია 5 ივლისის მოვლენები, როდესაც პუტინისტური ჯგუფები 50-ზე მეტ ჟურნალისტს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

“გაერთიანებული სამეფო შეშფოთებას გამოთქვამს მმართველი პარტია ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ გადაწყვეტილების გამო, რომლის მიზანი იყო პოლიტიკური ჩიხის დასრულება.

ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე და ქვეყნის საკეთილდღეოდ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად უნდა ითანამშრომლოს პოლიტიკური სტაბილურობისა და კონსენსუსის მისაღწევად.

ფუნქციონირებადი, სტაბილური დემოკრატია არის მნიშვნელოვანი წინაპირობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩეულ გზაზე. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა, მათ შორის 5 ივლისს თბილისი პრაიდის დროს მაუწყებელ ჟურნალისტებზე განხორციელებულმა თავდასხმებმა, ეჭვები გააჩინა საქართველოს არჩეული პოლიტიკური გეზის მიმართ.

გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პარტიებს, დაიცვან 19 აპრილის შეთანხმების პირობები და განაგრძონ შეთანხმებით გათვალისწინებული სასამართლო, საარჩევნო და კონსტიტუციური რეფორმების სერიის განხორციელება.

გაერთიანებული სამეფო, სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, გამოიყენოს შესაძლებლობა და განავითაროს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტები, რომლებიც აუცილებელია სტაბილურობისა და გარე საფრთხეებისადმი გამძლეობის გასაუმჯობესებლად”, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიზალკანიანი: სპეკულაციები, აბსოლუტურად იაფფასიანი სპეკულაციებია, რომელსაც საერთო არაფერი აქვს რეალობასთან
შემდეგი სტატიათენგიზ ცერცვაძე ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებას ეხმაურება