დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი 4 ივლისის არჩევნებში მისი კონსერვატიული პარტიის დამარცხების შემდეგ თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან დაუნინგ-სტრიტზე, მის რეზიდენციასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„მალე ვიხილავ მის უდიდებულესობა მეფეს [ჩარლზ III-ს], რათა შემომთავაზოს ჩემი გადადგომა პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან. პირველ რიგში, ქვეყანას მინდა, ვუთხრა, რომ ვწუხვარ. მე ამ სამუშაოსთვის ყველაფერი გავიღე, მაგრამ თქვენ მკაფიო სიგნალი გაგზავნეთ, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობა უნდა შეიცვალოს და თქვენი გადაწყვეტილება ერთადერთია, რაც მნიშვნელოვანია. მე გავიგე თქვენი გაბრაზება, თქვენი იმედგაცრუება და ამ დანაკარგზე პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ვიღებ“, – განაცხადა რიში სუნაკმა.
მისივე თქმით, კონსერვატიული პარტიის ლიდერის პოსტსაც დატოვებს მას შემდეგ, რაც მისი მემკვიდრის შერჩევის ოფიციალური პროცედურები დასრულდება.
„მნიშვნელოვანია, რომ 14-წლიანი მმართველობის შემდეგ, კონსერვატიული პარტია აღდგება, მაგრამ ასევე პროფესიონალურად და ეფექტურად ასრულებს თავის გადამწყვეტ როლს ოპოზიციაში“, – თქვა მან.
სუნაკმა აღნიშნა, რომ მან ქვეყანა უკეთეს მდგომარეობაში დატოვა, ვიდრე მაშინ, როდესაც თანამდებობა დაიკავა. ინფლაცია „დაბრუნდა მიზნობრივ მაჩვენებელზე“, იპოთეკური სესხების განაკვეთები დაეცა და ქვეყანა ზრდას დაბრუნდა.
„ჩვენ გავაძლიერეთ ჩვენი პოზიცია მსოფლიოში, დავამყარეთ ურთიერთობა მოკავშირეებთან, ვხელმძღვანელობთ გლობალურ ძალისხმევას უკრაინის მხარდასაჭერად და გავხდით ახალი თაობის ტრანსფორმაციული ტექნოლოგიების სახლი“, – განაცხადა სუნაკმა.
ამასთან, სუნაკმა აღნიშნა, რომ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი კირ სტარმერი, რომელიც მალე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს, ღირსეული ადამიანია.
„მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემი პოლიტიკური ოპონენტი იყო, სერ კირ სტარმერი მალე გახდება ჩვენი პრემიერ-მინისტრი. ამ სამსახურში მისი წარმატებები იქნება ყველა ჩვენგანის წარმატება. მას და მის ოჯახს წარმატებებს ვუსურვებ. რაც უნდა იყოს ჩვენი უთანხმოება ამ კამპანიაში, ის არის ღირსეული ადამიანი, რომელსაც პატივს ვცემ“, – აღნიშნა სუნაკმა.
შეგახსენებთ, დიდი ბრიტანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტულმა პარტიამ“ გაიმარჯვა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკის ნაცვლად კირ სტრამერი გახდება.