დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ ომის დროს არჩევნების გადადება სავსებით გონივრული იყო.
ამის შესახებ აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ოფისის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სტარმერმა ზელენსკისთან საუბარში ერთად მუშაობის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.
„პრემიერ-მინისტრმა გამოუცხადა მხარდაჭერა პრეზიდენტ ზელენსკის, როგორც უკრაინის დემოკრატიულად არჩეულ ლიდერს და თქვა, რომ სავსებით გონივრულია არჩევნების გადადება ომის დროს, როგორც ეს გააკეთა დიდმა ბრიტანეთმა მეორე მსოფლიო ომის დროს“, – ნათქვამია განცხადებაში.
სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც. მისი თქმით, მხარეებმა მომავლის გეგმები და შესაძლებლობები განიხილეს.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია გაერთიანებული სამეფოს როლი ევროპის თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცებაში. ჩვენ არასოდეს დავივიწყებთ მხარდაჭერას, რომელიც ბრიტანელმა ხალხმა გამოავლინა უკრაინის მიმართ“, – წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.