დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები განალაგოს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ მზად არის, საჭიროების შემთხვევაში უკრაინაში ჯარები განალაგოს. ამის შესახებ სტარმერი Daily Telegraph-ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნავს.

„მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ჯარები განვალაგოთ ადგილზე. ნებისმიერი როლი უკრაინის უსაფრთხოების გარანტირებაში არის ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოებისა და ამ ქვეყნის უსაფრთხოების გარანტირებაში დახმარება“, – ამბობს სტარმერი.

მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი მზადაა, ითამაშოს მნიშვნელოვანი როლი უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის დაჩქარებაში, რომელიც მოიცავს უკრაინელი სამხედროების შემდგომ მხარდაჭერას. კირ სტარმერის ცნობით, ბრიტანეთმა აიღო ვალდებულება, წელიწადში სამი მილიარდი ფუნტის უზრუნველყოფაზე, მინიმუმ, 2030 წლამდე.

„მაგრამ ეს ასევე ნიშნავს მზადყოფნას და სურვილს, წვლილი შევიტანოთ უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებში საჭიროების შემთხვევაში ჩვენი ჯარების განთავსებით და ეს ცარიელი სიტყვები არ არის. მე ძალიან ღრმად ვგრძნობ იმ პასუხისმგებლობას, რაც თან ახლავს ბრიტანელი სამხედროების პოტენციურ საფრთხის წინაშე დაყენებას“, – განაცხადა სტარმერმა.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ როდესაც უკრაინაში ომი დასრულდება, ეს არ უნდა იქცეს დროებით პაუზად პუტინის ხელახლა თავდასხმამდე.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ძალიან მალე შეძლებს რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრას უკრაინაში ომის დასრულების განსახილველად
შემდეგი სტატიაპეტრო პოროშენკო აცხადებს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 26 ოქტომბერს ჩატარდება