დიდი ბრიტანეთის მთავრობამ განმარტა, რომ უკრაინისთვის ჯერ არ მიუცია ნებართვა, Storm Shadow-ის რაკეტები რუსეთში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოიყენოს. ამის შესახებ The Telegraph-ი იუწყება.
ეს განმარტება ქვეყნის ახალი პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, როდესაც მან თქვა, რომ უკრაინას შეუძლია, ბრიტანული Storm Shadow-ის რაკეტები რუსეთში სამხედრო სამიზნეების გასანადგურებლად გამოიყენოს.
„დაუნინგ-სტრიტმა“ 11 ივლისს განაცხადა, რომ მთავრობის პოლიტიკა უკრაინისთვის გადაცემული შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გამოყენების შესახებ „არ შეცვლილა“, სტარმერის კომენტარების მიუხედავად, რომლითაც ის მიუთითებდა, რომ ბრიტანული რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვებს ამსუბუქებდა და უკრაინას უნდა გადაეწყვიტა, როგორ გამოიყენებდა მათ თავდაცვის მიზნით.
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ზე კირ სტარმერთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა, რომ რუსეთში მდებარე სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ Storm Shadow-ის გამოყენების ნებართვა მიიღო და რომ ბრიტანეთის ახლად დანიშნულ პრემიერთან შეხვედრისას ეს საკითხი განიხილა.
წყაროებმა გამოცემას განუცხადეს, რომ Storm Shadow-ის რაკეტები უკრაინას წელს ჯერ არ გამოუყენებია და აღნიშნეს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწევს, „სხვაგან ეძებოს გარანტიები“, ვიდრე უკრაინა რუსეთის ტერიტორიაზე რაკეტების გასროლას შეძლებს.
გამოცემასთან თავდაცვის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ სიტუაცია „უფრო ნიუანსურია“, ვიდრე უკრაინის პრეზიდენტი ვარაუდობდა. მისივე თქმით, რუსეთში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ ამ საკრუიზო რაკეტების გამოყენება სამი ქვეყნის კოორდინირებულ თანხმობას მოითხოვს, რომელთაგან ერთ-ერთი დიდი ბრიტანეთია.
მეორე ქვეყანა საფრანგეთია, რადგან Storm Shadow-ის რაკეტებს ის დიდ ბრიტანეთთან ერთად აწარმოებს.
როგორც უკრაინული მედია წერს, მესამე ქვეყანა, დიდი ალბათობით, შეერთებული შტატებია, რადგან ზელენსკიმ ადრე საჯაროდ განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი მის მიერ გადაცემული საკრუიზო რაკეტების გამოყენებაზე შეზღუდვებს სწორედ შეერთებული შტატების პოზიციის გამო ამსუბუქებდა.
კითხვას, გამოიყენებს თუ არა უკრაინა Storm Shadow-ის რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე, წყარო პასუხობს: „ეს არ მოხდება“. თუმცა გაურკვეველია ის უახლოეს მომავალს გულისხმობდა, რომელიც მოკავშირეებს შორის კოორდინაციისთვის არის საჭირო, თუ უფრო გრძელვადიან პერსპექტივას.
ცნობისთვის, გასულ წელს, როდესაც ბრიტანეთმა უკრაინას რაკეტები გადასცა, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მას ნება დართო, რაკეტები ოკუპირებულ ყირიმსა და უკრაინის კონტინენტურ ნაწილში მდებარე სამიზნეების წინააღმდეგ გამოეყენებინა. მაგრამ რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეებზე მათი გამოყენება აუკრძალა.