დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოს დროებითი რწმუნებული პროტესტის გამოსახატად დაიბარა

დიდი ბრიტანეთის მთავრობამ საქართველოს დროებითი რწმუნებული, გიორგი (ბაჩო) საგანელიძე დაიბარა და “ქართული ოცნების” მიერ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და კრიტიკული ხმების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიების გამო პროტესტი გამოხატა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

კერძოდ, გაერთიანებულმა სამეფომ მკვეთრად გამოხატა უკმაყოფილება საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენების, განსაკუთრებით მმართველი პარტიის, “ქართული ოცნების” მიერ ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრების გამო – ეს ქმედება აღიქმება, როგორც დემოკრატიული ნორმების სერიოზული ეროზია საქართველოში, რამაც აიძულა დიდი ბრიტანეთი, საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი დაებარებინა.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისმა (FCDO) ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი ზომები შეუთავსებელია საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებსა და კონსტიტუციურ ვალდებულებებთან.

“ოპოზიციის ცნობილი ლიდერების დაპატიმრება საქართველოს მთავრობის მიერ თავისუფლების და განსხვავებული აზრის ჩახშობის უახლესი მცდელობაა… დიდი ბრიტანეთის მთავრობა ყოყმანის გარეშე განიხილავს შემდგომ ქმედებებს, თუ საქართველო არ დაუბრუნდება დემოკრატიის, თავისუფლებებისა და ადამიანის უფლებების პატივისცემასა და დაცვას”, – აცხადებენ უწყებაში.

ბრიტანეთს უკვე არაერთი ქართველი მაღალჩინოსნისთვის აქვს სანქციები დაწესებული – ამ ეტაპზე ფინანსური სანქციები აქვს დაწესებული შემდეგი პირებისათვის:

• ვახტანგ გომელაური, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი – გადადგა სანქცირების შემდეგ

• გიორგი გაბიტაშვილი, ყოფილი გენერალური პროკურორი – გადადგა სანქცირების შემდეგ

• შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ბედოიძე

• შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მირზა კეზევაძე

• კარლო კაციტაძე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი.

• მილერი ლაგაზაური, გდდ-ის უფროსის მოადგილე

• ალექსანდრე დარახველიძე, შს მინისტრის მოადგილე

• სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორი; სანქცირების შემდეგ დანიშნეს აჭარის მთავრობის მეთაურად

• მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე

• მოსამართლე ლევან მურუსიძე

🔻 ოფიციალურ ლონდონს სანქციები ჯერ არ აქვს დაწებული “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის.

banner
წინა სტატიაშიIPI: EU-მა საქართველოში მედიის წინააღმდეგ რეპრესიებზე დაუყოვნებელი რეაგირება უნდა მოახდინოს
შემდეგი სტატიაუკრაინელებმა ყირიმში, რუსულ ობიექტებს ფრთოსანი რაკეტებითა და კამიკაძე-დრონებით დაარტყეს