The Telegraph საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დიდი ბრიტანეთი რუსეთის მხრიდან პირდაპირი თავდასხმისთვის ემზზადება და საიდუმლო გეგმა “სამშობლოს დაცვა” აამოქმედა, რაც მტრული სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირი დარტყმის შემთხვევაში, პირველი დღეების სამოქმედო გეგმის დეტალებს შეიცავს.
კონკრეტულად, ჩინოვნიკებმა მითითება მიიღეს, განაახლონ და თანამედროვე პირობებს მიუსადაგონ 20 წლის წინანდელი გეგმა ისეთი შემთხვევისთვის, თუ კრემლი გადაწყვეტს, ლონდონს შეუტიოს.
საიდუმლო დოსიეში გაწერილი იქნება, როგორ შეხვდება ხელისუფლება ომის გამოცხადებას, მათ შორის, გათვალისწინებული იქნება ხელისუფლების წარმომადგენლებისა და სამეფო ოჯახის ბუნკერებში გადაყვანის დეტალები, რეზერვების მობილიზება, საგანგებო სიტუაციაში გადაუდებელი რეაგირებები და სხვ.
მინისტრები შიშობენ, რომ დიდი ბრიტანეთი არათუ ჩამორჩება რუსეთს ბრძოლის ველზე, არამედ ქვეყანა არ არის მომზადებული იმისთვის, რომ შიდა რესურსებით გაუმკლავდეს მოსალოდნელ დარტყმებს, რადგან მოწყვლადია ნაციონალური უსაფრთხოების ობიექტები, გაზის ტერმინალების, წყალქვეშა კაბელების, ატომური ელექტროსადგურებისა და სატრანსპორტო კვანძების ჩათვლით.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის მხრიდან არაერთხელ გაისმა მინიშნებაც და პირდაპირი მუქარაც, რომ დაარტყამდნენ დიდ ბრიტანეთს, უკრაინის მხარდაჭერის გამო.
გასაიდუმლოებული გეგმა ითვალისწინებს, რომ დიდი ბრიტანეთი პირდაპირ დარტყმას განიცდის როგორც ჩვეულებრივი, ასევ ბირთვული ქობინების მქონე რაკეტებით.
სხვათა შორის, ბოლოს 2005 წელს განახლებულ ამ გეგმაში ბირთვული შეტევა არ იყო გათვალისწინებული.
მინისტრთა კაბინეტმა უკვე შეიმუშავა სცენარი იმ მოცემულობისთვის, როცა რაკეტებს ლონდონისკენ გაუშვებენ. ასეთ შემთხვევაში სამთავრობო პირებმა თავშესაფარი დაუნინგ-სტრიტზე ან ლონდონის გარეუბანში უნდა ეძებონ.
ექსპერტები ბრიტანეთს ურჩევენ, შეიმუშაონ ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის “რკინის გუმბათის” ანალოგიური სისტემა, რომელიც რუსულ შემოტევებს გაუმკლავდება.