დიდი ბრიტანეთი აცხადებს, რომ რუსეთმა ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი ისრისებრი ბაყაყის ტოქსინით მოკლა – ამ სათაურით აქვეყნებს BBC სკანდალურ სტატიას.
გამოცემის ცნობით, ამ დასკვნამდე მივიდნენ ხუთი ევროპული ქვეყნის ექსპერტები, რომლებმაც ნავალნის ბიომასალები დამოუკიდებლად შეისწავლეს.~
ლონდონის მტკიცებით, დიდმა ბრიტანეთმა შვედეთთან, საფრანგეთთან, ნიდერლანდებთან და გერმანიასთან ერთად იმუშავა ნავალნის გარდაცვალებაზე სიმართლის დასადგენად. ისინი ალექსეი ნავალნის ქვრივთან, იულია ნავალნისთან ერთად ერთობლივი განცხადების გაკეთებას მიუნხენის კონფერენციაზე გეგმავენ.
გამოცემის თანახმად, ნავალნის ბიომასალებში, რომლის ქვეყნიდან გატანა მისმა ოჯახმა კონტრაბანდული გზით მოახერხა, აღმოაჩინეს ნივთიერება ეპიბატიდინი – სასიკვდილო ტოქსინი, რომელიც 1974 წელს სამხრეთამერიკული შხამიანი ბაყაყის კანში აღმოაჩინეს, მოგვიანებით კი სინთეზურადაც მიიღეს.
“თანმიმდევრული და კოორდინირებული ლაბორატორიული კვლევებით დადასტურდა, რომ ნავალნის სხეულის ნიმუშებში აღმოჩენილია მომაკვდინებელი ტოქსინი — ეპიბატიდინი, რომელიც ბუნებრივად გვხვდება სამხრეთ ამერიკის შხამიანი ბაყაყების კანში და დიდი ალბათობით, გახდა მისი სიკვდილის მიზეზი. მხოლოდ რუსეთის სახელმწიფოს ჰქონდა საშუალება, მოტივი და შესაძლებლობა, ეს ლეტალური ტოქსინი გამოეყენებინა ნავალნის წინააღმდეგ მისი პატიმრობის პერიოდში ციმბირის კოლონიაში, და ჩვენ რუსეთს პასუხისმგებლად მივიჩნევთ მის სიკვდილზე.
ეპიბატიდინი ბუნებრივად გვხვდება სამხრეთ ამერიკაში ველურ გარემოში მცხოვრებ შხამიან ბაყაყებში. დატყვევებული ბაყაყები ამ ტოქსინს არ წარმოქმნიან და იგი ბუნებრივად რუსეთში არ გვხვდება. ნავალნის სხეულში მისი არსებობის ბუნებრივი ახსნა არ არსებობს.
რუსეთმა ცინიკურად შეიმუშავა და გამოიყენა ეს შხამი ქიმიური იარაღის კონვენციის დარღვევით. რუსეთის უკიდურესად უპასუხისმგებლო ქმედებები, მათ შორის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, კვლავ საფრთხეს უქმნის ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. რუსული სახელმწიფო კვლავ და კვლავ აჩვენებს, რა უკიდურეს ზომებს მიმართავს ადამიანების დასაშინებლად და დემოკრატიის დასასუსტებლად“, – ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა ოფისის განცხადებაში.
ალექსეი ნავალნი 2024 წლის 16 თებერვალს, 47 წლის ასაკში ციხეში დაიღუპა. 2020 წელს იგი მოწამლეს “ნოვიჩოკის“ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერებით. მან მკურნალობა გერმანიაში გაიარა და რუსეთში დაბრუნების შემდეგ აეროპორტში დააკავეს.
ნავალნი სამი წლის განმავლობაში იმყოფებოდა ციხეში – ის გამოსასწორებელ კოლონიაში დაიღუპა.
ოჯახი თავიდანვე ამბობდა, რომ რუსეთმა ნავალნი მოკლა.
















