დიდი ბრიტანეთი – გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ უმაღლესი კომისრის ოფისს უარს ეუბნებიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაშვებაზე

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოზე სესიაზე, სადაც განიხილებოდა რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“, გაერთიანებულმა სამეფომ საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

ადამიანის უფლებათა საბჭოზე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაგმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებული ვითარება და ადგილზე როგორც გაეროს ადამიანის უფლებათა კომისრის, ასევე მონიტორინგის სხვა საერთაშორისო მექანიზმების დაშვება მოითხოვა.

„უაღრესად გვაშფოთებს ის ფაქტი, რომ უმაღლესი კომისრის ოფისის წარმომადგენლებს სისტემატიურად უარს ეუბნებიან საქართველოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში დაშვებაზე. ამ შეშფოთებამ კონკრეტული ასახვა უმაღლესი კომისრის 2017 წლის სექტემბრის ანგარიშში (A/HRC/36/65) ჰპოვა. რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ განგაშის განცდას კიდევ უფრო ამძაფრებს ის ფაქტი, რომ კონტროლის განმახორციელებელი ორგანოები ჯერ კიდევ არ აძლევენ ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისს აღნიშნულ ტერიტორიებზე წვდომის უფლებას. ისეთი დარღვევები, როგორიცაა თვითნებური დაკავებები, წამება და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა ყველა ჩვენგანის შეშფოთების მიზეზს უნდა წარმოადგენდეს“ – განაცხადა დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელმა.

მან ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა საბჭოზე საქართველოს შესახებ რეზოლუციის მნიშვნელობას, რომლის ერთ-ერთი მიზანი, სწორედ ორივე რეგიონში ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის დაშვება და ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ ინფორმატიულობის ხარისხის გაზრდაა.

მისივე განცხადებით აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე არსებული შემაშფოთებელი ინფორმაცია დამოუკიდებელი მონიტორინგისა და ანგარიშგების მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე მიუთითებს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ამ რეგიონებში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გაერთიანებული სამეფო მიესალმა ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის წარმატებულ თანამშრომლობას საქართველოსთან.

2017 წლის 23 მარტს გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ – მიიღო. რეზოლუციაში, ადამიანის უფლებათა საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. დოკუმენტში აღიარებულია საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ რთულ ვითარებაზე. დოკუმენტში გამოთქმულია შეშფოთება, რომ რეგიონულ და საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებულ რეგიონებში დაუყონებლივ იქნას დაშვებული ადამიანის უფლებების საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმები
შემდეგი სტატიააშშ – რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე კვლავაც ხელს უშლიან ადამიანის უფლებათა კომისრის ოფისის შეშვებას