დიდი ალბათობით, მოხდა იგივე, რაც არჩილ ტატუნაშვილთან დაკავშირებით – ეს ადამიანი არის მოკლული

დიდი ალბათობით, ირაკლი კვარაცხელიასთან დაკავშირებით მოხდა იგივე რამ, რაც არჩილ ტატუნაშვილთან – ეს ადამიანი არის მოკლული, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ გალის რაიონში, დე ფაქტო რეჟიმის მიერ დაკავებული ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განაცხადა.

დეპუტატი მსგავს შემთხვევებს დაუსჯელობის სინდრომს უკავშირებს.

„საქართველოს ხელისუფლებამ არ გამოიყენა მის ხელთ არსებული ბერკეტები, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მიიღო „ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია“, რომელსაც ევროპის სახელმწიფოებიც მიესალმნენ. ამის იქით არც ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა და ფაქტობრივად, ამ პასიური მდგომარეობით წაახალისეს ის ვითარება, რაც ხდება. დაუსჯელობის სინდრომი არის ყველაზე მთავარი მიზეზი მომხდარი უბედურებების. საქართველოს ხელისუფლების ლოიალურობა და ასეთი მფრთხალი რეაგირება აძლევს რუსეთს და სეპარატისტებს საშუალებას, მსგავსი დანაშაულები ჩაიდინონ“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით, დე ფაქტო აფხაზეთის წარმომადგენლების მხრიდან გაზიარებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული გალის რაიონში ადგილი ჰქონდა ადგილობრივი მკვიდრის, საქართველოს მოქალაქის, 1990 წელს დაბადებული, ირაკლი თამაზის ძე კვარაცხელიას თვითმკვლელობის ფაქტს. მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ირაკლი კვარაცხელია დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მიმდინარეობს მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტის საშუალებით აღნიშნული პირის გარდაცვალებასთან დაკავშირებული ობიექტური გარემოებების დადგენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახს“, – აღნიშნულია სუს-ის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშირუმინეთის ელჩი – დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის გარდაცვალება სამწუხარო და დასაგმობი ფაქტია
შემდეგი სტატიარუსთავში ცხრასართულიანი კორპუსიდან 13 წლის გოგონა გადმოვარდა