ევროპარლამენტარები ირაკლი კობახიძის ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის განახლების ინიციატივას ეხმაურებიან.
საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობების დელეგაციის თავმჯდომარემ ნილს უშაკოვსმა და ევროპარლამენტის მუდმივმა მომხსენებელმა საქართველოს საკითხებში რასა იუკნევიჩიანემ შემდეგი ერთობლივი განცხადება გავრცელეს.
„ჩვენ ცნობად ვიღებთ ბატონი კობახიძის მოწოდებას ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის გამართვის შესახებ. დიალოგი ევროპას არასდროს დაუხურავს; მას შინაარსი „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცალა. 2024 წლის ნოემბერში მმართველმა პარტიამ ცალმხრივად შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, რაც საკუთარი კონსტიტუციისა და ხალხის ნების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო. ამის შემდეგ მან ევროკავშირის ინსტიტუტების თითოეულ რეკომენდაციას ახალი რეპრესიული კანონებით, მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობითა და ოპოზიციის ლიდერებისა თუ ჟურნალისტების დაპატიმრებით უპასუხა. ევროპარლამენტის გადაწყვეტილება, შეეზღუდა ოფიციალური კონტაქტები ხელისუფლებასთან, ამ არჩევანის შედეგი იყო და არა მისი მიზეზი. ჩვენი კარი ყოველთვის ღია რჩებოდა ქართველი ხალხისთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ოპოზიციისთვის. ხელისუფლებისთვის იგი იმ დღეს გაიღება, როდესაც მათი მოქმედებები და არა სიტყვები, დემოკრატიასთან, თავისუფლებასა და ევროპულ გზასთან დაბრუნებას დაადასტურებს.
ამ წინადადების დროც თავისთავად მეტყველებს ყველაფერზე. იგი მაშინ ჩნდება, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს მოსმენებს „ქართული ოცნების“ მოთხოვნაზე ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ — მათ შორის იმ უკანასკნელი ოპოზიციური პარტიისა, რომელიც ჯერ კიდევ წარმოდგენილია პარლამენტში. მთავრობას, რომელიც თავისი პოლიტიკური ოპონენტების კანონგარეშედ გამოცხადებას ცდილობს, არ შეუძლია ამავდროულად დიალოგისთვის სანდო პარტნიორად წარმოაჩინოს თავი. ევროკავშირთან პოლიტიკური დიალოგის შეთავაზება სხვა არაფრად შეიძლება იქნეს აღქმული, თუ არა საქართველოში პოლიტიკური პლურალიზმის დაშლის გადაფარვად.
როგორც ევროპარლამენტმა 2026 წლის 8 ოქტომბრის რეზოლუციაში განაცხადა, ჩვენ მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობებს და მოვუწოდებთ საკონსტიტუციო სარჩელის დაუყოვნებლივ უკან გაწვევისკენ. ავტორიტეტული პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, რუსეთისა და ბელარუსის მაგალითების მიხედვით, ერთპარტიული სისტემისკენ გადადგმული გადამწყვეტი უკანდახეული ნაბიჯი იქნება. ეს საქართველოს კიდევ უფრო დააშორებს ევროკავშირს და გამორიცხავს წევრობისკენ რაიმე პროგრესს. დღეის მდგომარეობით, არაფერი შეცვლილა.
ევროპარლამენტის პოზიცია საქართველოსთან ურთიერთობებზე მკაფიო და თანმიმდევრულია. ჩვენ ვდგავართ ქართველი ხალხისა და მათი იმ უდიდესი მხარდაჭერის გვერდით ევროპული მომავლისადმი, რაც საქართველოს კონსტიტუციაშია განმტკიცებული. ჩვენ არ ვაღიარებთ ხელისუფლებას, რომელიც 2024 წლის ოქტომბრის ხარვეზიანი არჩევნების შედეგად მოვიდა. ნებისმიერი რეალური ხელახალი ჩართულობა ხელისუფლების მიერ გადადგმულ უპირობო ნაბიჯებს უნდა დაეფუძნოს:
ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლება;
იმ კანონების გაუქმება, რომლებიც ზღუდავს სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიასა და პოლიტიკურ საქმიანობას, მათ შორის იმ შეზღუდვების, რომლებმაც ევროპულ პოლიტიკურ ფონდებს ქვეყნის დატოვება აიძულა;
ოპოზიციის, ჟურნალისტებისა და აქტივისტების დევნის შეწყვეტა;
ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ მიმავალი გზა.
მანამდე, მოვუწოდებთ საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს, საბოლოოდ დააკისრონ ხელშესახები შედეგები, მათ შორის მიზნობრივი სანქციები ევროკავშირის ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმით (ე.წ. ევროკავშირის მაგნიტსკის აქტი) ან სხვა სანქციების რეჟიმით მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევასა და საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე. თუ ბატონი კობახიძე სერიოზულად არის განწყობილი ევროკავშირთან პოლიტიკურ დიალოგში ხელახლა ჩართვაზე, მან იცის, საიდან უნდა დაიწყოს ამის დასამტკიცებლად”,_ წერია განცხადებაში.















