“დიახ, ამ ხელისუფლებამ ჩაწერა ორი პირადი ცხოვრება” – ნინო გოგუაძე

„ეს იყო ჩემთვის უსასტიკესი დანაშაული,“ – ფარული ვიდეო ჩანაწერების გავრცელების შესახებ, თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე გადაცემა განსხვავებულ აქცენტებში საუბრობს.

გოგუაძის თქმით, ერთი წლის წინ, ერთერთ პოლიტიკოსზე, ფარული ვიდეო მასალის გავრცელების შემდეგ, „მან და მისმა პარტიის ლიდერმა თქვეს, რომ აქ ვერ ხედავდნენ ნაციონალების ხელს.“

„ეს იყო სწორედ ორგანოებში მოკალათებული ადამიანების მიერ ჩადენილი დანაშაული. ვერ ვხედავდით სწორედ იმიტომ, რომ ეს იყო ახალი ტიპის დანაშაული. თუ ნაციონალების ხელისუფლების დროს, მართლაც ხდებოდა მასიურად პირდაპირი ცხოვრების ამსახველი კადრების გადაღება და ადამიანების შანტაჟი, ნაციონალების დროსაც არ მომხდარა ასეთი მასალის გასაჯაროება და სწორედ ამ ხელისუფლების დროს მოხდა ამ უსასტიკესი დანაშაულის ჩადება, რომელიც იყო მიმართული კონკრეტული ადამიანების სამოქალაქო მკვლელობისთვის და ტერორისტული აქტი,“ – განაცხადა გოგუაძემ.

მისი თქმით, დანაშაული ვისი ჩადენილიც არ უნდა იყო, ის დღემდე გამოუძიებელია. გოგუაძის თქმით, ყველაფერზე, რაც ქვეყანაში ხდება, პასუხისმგებელი არის ოფიციალური ხელისუფლება.

„ეს იყო უმძიმესი დანაშაული, რომელიც მიმართული იყო არა მარტო ჩვენი პარტიის, არამედ საერთოდ მთელი საზოგადოების წინააღმდეგ,“ – ამბობს გოგუაძე.

თავისუფალი დემოკრატების პოლიტიკური მდივანი აცხადებს, რომ მოქმედი ხელისუფლების მიერ პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის ჩაწერა მოხდა.

„მე მოვიყვანე ჩემს ხელთ არსებული ორი მაგალითი, რომლის მიხედვითაც, დიახ, ამ ხელისუფლებამ ჩაწერა ორი პირადი ცხოვრება. ეს შემიძლია დადასტურებად ვთქვა,“ – აცხადებს ნინო გოგუაძე.

მისი თქმით, მცდელობა იყო, რომ ფარული ვიდეო მასალის ატვირთვა ნაციონალურ მოძრაობას დაბრალდებოდა.

„ეს იყო სრულიად ახალი ხელწერა და ასეთი ტიპის დანაშაული გაჩნდა სწორედ ამ ხელისუფლების დროს,“ – აღნიშნავს გოგუაძე აქვე აცხადებს, რომ ხელისუფლების მიერ მიღებული ე.წ. მოსმენების კანონი ამ ყველაფრის გაგრძელებაა.

გოგუაძის თქმით, ე.წ. მოსმენების ახლანდელი კანონის ფარგლებში, სუს-ს კიდევ უფრო მეტი ძალაუფლება მიენიჭა.

„ეს გაცილებით უფრო მძიმე კანონია, ვიდრე აქამდე იყო მიღებული,“ – ამბობს ნინო გოგუაძე.

 

 

https://youtu.be/gn0j2xAIp8A

banner
წინა სტატიაშილეხ ვალენსას შვილიშვილს ნარკოტიკების შენახვაში დასდეს ბრალი
შემდეგი სტატიასკანდალური ფოტო: პატრიარქის ჯილდო და შეხვედრა სეპარატისტებთან