“დიადი მაცთუნებელი”. საფრანგეთში ფრანსუა მიტერანის საყვარლისადმი მიწერილი წერილები გამოქვეყნდა

5საფრანგეთის გარდაცვლილ პრეზიდენტს ფრანსუა მიტერანს ფრანგმა პოლიტიკოსებმა “დიადი მაცთუნებელი” შეარქვეს. გარდაცვალებიდან 20 წლის და დაბადებიდან 100 წლის თავზე, მის სასიყვარულო ისტორიებს საფრანგეთში ახალი წიგნი მიუძღვნეს.
2016 წლის ლიტერატურულ სენსაციად იქცა მიმდინარე კვირას გამოსული “წერილები ანასადმი”. წიგნში შესულია მიტერანის 1200 წერილი, რომლებსაც იგი თავის საიდუმლო საყვარელს, 1974 წლიდან კი მისი შვილის დედას, ანა პენჟოს წერდა 1962 წლიდან სიკვდილამდე.
წერილებში საფრანგეთის პრეზიდენტის ის ხასიათი და თვისებები ჩანს, რომლებსაც იგი არასდროს ავლენდა სახალხოდ. ისინი სავსეა სიყვარულით, სინაზით და ისეთი ენით არის დაწერილი, რომ ლიტერატურის კრიტიკოსები აღფრთოვანებას ვერ მალავენ.
ფრანსუა მიტერანი 46 წლის იყო, როდესაც 19 წლის ანა პენჟო გაიცნო. ამ დროისათვის იგი სოციალისტური პარტიის წევრი და სენატორი გახლდათ. მათ ერთმანეთი საკურორტო ქალაქ სორტ-ოსგორში გაიცნეს. პირველი წერილი თარიღდება 1962 წლით. მასში ფრანსუა მის სატრფოს პირდება სოკრატეს შესახებ წიგნის გამოგზავნას. ორი წლის შემდეგ, ისინი საყვარლები გახდნენ და, შესაბამისად, ოფიციალური მიმრთვა “თქვენ” იცვლება “შენით”.
წერილებიდან ჩანს, რომ ანა მიტერანის ცხოვრებაში ყველაზე მთავარ ადამიანს წარმოადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ფრანსუა მიტერანი 1944 წლიდან ქორწინებაში იმყოფებოდა. ანას გაცნობის პერიოდში მას უკვე ორი ვაჟი ჰყავდა – ჟან-კრისტოფი და ჟილბერი. მისი მეუღლე დანიელ მიტერანი მწერალი გახლდათ და ქმრის პოლიტიკური კარიერის მანძილზე მისი ერთგული თანამგზავრი იყო.
მიტერანი ანასთან თავის კავშირს ძალიან უფრთხილდებოდა. ასაკში სხვაობის მიუხედავად, მათ საერთო ინტერესები ჰქონდათ, კერძოდ ორივეს აინტერესებდა ლიტერეტურა და ხელოვნება.
“შენს გვერდით, შენთან ერთად, შენში – აი, რა ვარ მე. წარმოუდგენელი პარადოქსია: მე ზუსტად იმ მომენტში ვარსებობ, როცა შენში ვილევი” – წერს მიტერანი ანას.

55
1974 წელს ფრანსუას და ანას ქალიშვილი შეეძინათ. ამ მომენტიდან დაწყებული, მათ თითქმის ოჯახური ცხოვრება აქვთ, თუმცა მკაცრად გასაიდუმლოებული. სიცოცხლის ბოლოს, ონკოლოგიური დაავადებით დატანჯულ მიტერანს ანა წერს: “ჩემი ბედნიერება იმაშია, რომ შენზე ვიფიქრო და შენ მიყვარდე. შენ ყოველთვის მაძლევდი მეტს. შენ ჩემი შანსი იყავი ცხოვრებაში. როგორ შეიძლება ჩემი შენდამი სიყვარული არ გაიზარდოს?”
წერილების გამოქვეყნებამ ერთმნიშვნელოვნად დადებითი რეაქცია გამოიწვია. ერთ-ერთი ფრანგული გაზეთი წერს: “ვინ იფიქრებდა იმას, რომ ფრანსუა მიტერანი ჩვენს გულებს ააფორიაქებდა”.
ანა პენჟო ახლა 73 წლისა. მთელი ამ ხნის მანძილზე, ის 1218 წერილს მოწიწებით ინახავდა. წერილების გამოქვეყნებაზე იმ პირობით დათანხმდა, რომ ის არავის ინტერვიუს არ მისცემს და წიგნის გაყიდვებში მონაწილეობას არ მიიღებს.

banner
წინა სტატიაშირუსეთის გენშტაბი: ალეპოში შეიარაღებული დაჯგუფებებისთვის კორიდორი გახსნეს
შემდეგი სტატიადღეს რუსეთმა ალეპო ისევ დაბომბა