დიაბეტის სამკურნალო „მედფორმინის“,„გლიმეპრიდისა“ და „გლიკლაზიდის“ შეძენა ორშაბათიდან ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აგვისტო 11, 2018 13:33

დიაბეტის სამკურნალო „მედფორმინის“,„გლიმეპრიდისა“ და „გლიკლაზიდის“ შეძენა ორშაბათიდან ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი

მედიკამენტების – „მედფორმინის“,„გლიმეპრიდისა“ და „გლიკლაზიდი“ შეძენას მოსახლეობა ორშაბათიდან ნახევარ ფასად შეძლებს. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ დღეს განაცხადა.

როგორც სერგეენკომ განმარტა, აღნიშნული პრეპარატებით ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტის მქონე პაციენტები სარგებლობენ.

„გამოკვეთილია რამდენიმე პრიორიტეტი, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ე.წ. მეორე ტიპის დიაბეტი. პირველ ტიპს ინსულინი სჭირდება, მეორე ტიპის დიაბეტს კი – ტაბლეტები. მეორე ტიპის დიაბეტის წამლებზე ფასი იყო ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ფინანსური ტვირთი მოსახლეობისთვის. ამ ტიპის დიაბეტს კარგად კეტავს სამი მთავარი მედიკამენტი – „მედფორმინი“, „გლიმეპრიდი“ და „გლიკლაზიდი“. უკვე მაისში დაიწყო გაიაფება და მათ შორის, ერთ-ერთი ყველაზე ძვირი და მოთხოვნადი „მედფორმინის“ შეძენა ორშაბათიდან უკვე ნახევარ ფასად იქნება შესაძლებელი“, – განაცხადა სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრის ინფორმაციით, შარშან დაიწყო პროექტი, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე და ფარავდა ძირითად ქრონიკული დაავადებებს, რაც არ არის საკმარისი.

„პროექტს სჭირდება გაფართოება, რადგან ფინანსური ბარიერი მაღალი არა მარტო სოციალურად დაუცველებისთვის, არამედ ასაკით პენსიონერებისა და შშმ პირებისთვისაც. ამიტომ, ჩვენ გადავდგით რამდენიმე ნაბიჯი – წელს, მაისში წინასწარი მოლაპარაკების შემდეგ დავაფუძნეთ ერთობლივი იურიდიული პირი, როდესაც სახელმწიფო პარტნიორობას გაუწევს კერძო ინდუსტრიას და პირიქით. ამან მოგვცა შესაძლებლობა, უკვე მაისიდან დაწყებულიყო მედიკამენტების გაიაფების პირველი ეტაპი. ორშაბათიდან ამოქმედდება შემდეგი ეტაპი“, – აღნიშნა სერგეენკომ.

მინისტრის თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯი, როდესაც სახელმწიფომ დახარჯა არა თავისი ფინანსური რესურსი, არამედ თავისი რეპუტაციული ჩარევა განახორციელა.

„ეს გამოიხატა იმაში, რომ მწარმოებლებმა მნიშვნელოვნად დაწიეს ფასები. შედეგად, ამ სამ მედიკამენტზე უკვე მთლიანად მოსახლეობას და არა მხოლოდ სოცდაუცველებს ან პენსიონერებს, გაუნახევრდება ფინანსური ბარიერი“, – განაცხადა მინისტრმა.

დავით სერგეენკოს ინფორმაციით, აღნიშნულ მედიკამენტზე მოსახლეობა წელიწადში 10 მილიონს ხარჯავდა.

ამასთან, სერგეენკოს ინფორმაციით, სექტემბრიდან ზემოაღნიშნული სამი მედიკამენტი პენსიონერებისთვის კიდევ უფრო გაიფდება, რადგან სახელმწიფო მათ სუბსიდირებას გეგმავს.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე აგვისტო 11, 2018 13:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


3,436
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics