DI: პარლამენტმა ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს კენჭი უნდა უყაროს

არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის ინდექსი განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ოპოზიციონერ დეპუტატთა უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს პარლამენტმა კენჭი უნდა უყაროს.

ორგანიზაციის ცნობით, ხელისუფლების განცხადება, რომ საქართველოს პარლამენტი არ უყრის კენჭს ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, არ შეესაბამება პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნას. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხელისუფლება ვერ აიძულებს დეპუტატებს, რომელთაც მანდატებზე უარი თქვეს, განახორციელონ საპარლამენტო საქმიანობა.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მმართველი გუნდის ეს განცხადება “იწვევს ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის არაეფექტურ ხარჯვას და არ ემსახურება პოლიტიკური კრიზისის განმუხტვას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ირაკლი კობახიძის განცხადება, რომ პარლამენტი კენჭს არ უყრის ოპოზიციის წარმომადგენელი პარლამენტის წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას, ჰგავს კონსტიტუციური ნორმებით მანიპულირების მცდელობას პარლამენტში მრავალპარტიულობის ილუზიის შესაქმნელად”.

“თუ საპარლამენტო უმრავლესობა კენჭისყრაზე არ გაიტანს ოპოზიციონერ დეპუტატთა განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნის შესახებ, ეს შეაფერხებს მთლიანად პარლამენტის მუშაობას”. – ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციაში აცხადებენ, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს, რომ ოპოზიციის მიერ ბოიკოტის ინსტრუმენტის გამოყენება ავალდებულებს მმართველ პარტიას, სულ მცირე, აწარმოოს მოლაპარაკებები ოპოზიციის წარმომადგენლებთან და მაქსიმალურად ეცადოს კონსესუსის მიღწევას. ბოიკოტზე პასუხი არ შეიძლება იყოს ბოიკოტის უგულებელყოფა.

banner
წინა სტატიაშიჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალური წარმომადგენელი – თუ ევროპა აუცილებელ ინფრასტრუქტურას არ შექმნის, კორონავირუსის მესამე ტალღაც გვექნება
შემდეგი სტატიაკარლ ჰარცელი – აუცილებელია, მივიდეთ იმ მდგომარეობამდე, როდესაც საქართველო შეძლებს, სრულფასოვანი პარლამენტი ჰყავდეს