დღის წესრიგში ვაყენებთ, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნით – ომბუდსმენი მოზარდების მკვლელობის საქმეზე

მოზარდების მკვლელობის საქმეზე, მიხეილ კალანდიას დაკავებასთან დაკავშირებით, განცხადებას სახალხო დამცველი აკეთებს.

ნინო ლომჯარია გამოძიების მიმდინარეობისას არსებულ ხარვეზებზე კიდევ ერთხელ საუბრობს. ომბუდსმენის განცხადებით, გამოძიების მიმდინარეობისას, ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მტკიცებულებები გამოძიების მიერ არ იქნა მოპოვებული.

„ნაბიჯები, რაც გადაიდგა ბოლო დღეების განმავლობაში, არის ნამდვილად იმის აღიარება და დადასტურება, რაზეც დიდი ხანია ვსაუბრობდით, რომ გამოძიება თავის დროზე წარიმართა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ბრალი არ ჰქონია წარდგენილი ყველა პირს, ვინც შესაძლოა მონაწილეობდა დანაშაულის ჩადენაში. სამწუხაროდ, მთელი რიგი ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელი მტკიცებულებები არ იქნა მოპოვებული გამოძიების მიერ და ამის გამო, ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებები განადგურდა. სანამ სააპელაციო სასამართლომაც არ დაადასტურა, რომ გამოძიება მიმდინარეობდა არასწორი სტრატეგიით და გამორიცხა იმ პირის ბრალი, ვისაც პროკურატურა ედავებოდა ერთი წლის განმავლობაში, გამოძიებამ ბრალი არ წარუდგინა სხვა პირს,” – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

სახალხო დამცველი მიხეილ კალანდიას დაკავებას სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებს. გარდა ამისა ამბობს, რომ აუცილებელია დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულზე, მინიმუმ სამსახურეობრივი გულგრილობის მუხლით.

“მე მაინც ვუკავშირებ ამ ყველაფერს გუშინ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას და შესაბამისად, გამოძიებას არ ჰქონდა სხვა გზა, გარდა იმისა, რომ დაიწყოს უკვე სხვა პირთა მიმართ დევნა. თავის დროზე, გამოძიება ჩატარდა მნიშვნელოვანი ხარვეზებით და ამის გამო, ჩვენ კვლავ დღის წესრიგში ვაყენებთ იმას, რომ დაიწყოს გამოძიება სამოხელეო დანაშაულის ნიშნით, სამსახურეობრივი მოკვლევა მიმაჩნია, რომ არ არის ნამდვილად საკმარისი, რადგან დანაშაულის ნიშნებს ვხედავთ. სულ მცირე სამსახურეობრივ გულგრილობას, თუ არა განზრახ ქმედებას. ამიტომ, ვფიქრობ, რომ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს“ – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

პარლამენტის დროებითმა საგამოძიებო კომისიამ, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით შეიქმნა დაადგინა, რომ საქმის ძიება კონკრეტულმა სამართალდამცველებმა მიზანმიმართულად წარმართეს ხარვეზებით და დასახელდა კონკრეტული მფარველებიც, რომელთა ინტერესში სამართლის აღსრულება არ შედიოდა.

banner
წინა სტატიაშირა სიბინძურითაც არ უნდა იმოქმედოთ ჩემს წინააღმდეგ, იცოდეთ არაფერი გამოგივათ – მაჩალიკაშილი
შემდეგი სტატიაბექა დავითულიანი „ევროპული საქართველოს“ წევრს გიგა ბოკერიას ცილისმწამებლური განცხადებების გაკეთებაში ადანაშაულებს