“ქართული ოცნება” დღგ-ს შემცირებას არ აპირებს, ფასები ბიზნესის ხარჯზე შემცირდება – ეს არის ირაკლი კობახიძის მთავარი გზავნილი.
კობახიძე აცხადებს, რომ პროდუქტების ფასნამატი რომელსაც სადისტრიბუციო კომპანიები და შემდეგ სუპერმარკეტები სურსათს ადებენ არის გაცილებით დიდი ვიდრე დღგ რომელიც რეალიზებული პროდუქტებიდან ბიუჯეტში შედის.
ირაკლი კობახიძე ჟურნალისტებს უმტკიცებდა, რომ ფასნამატი 86%-ს აღწევს.
“დღგ არის 18%, ხოლო ფასნამატი არის 86% და დღგ საბოლოო ჯამში ისევ ხალხს ხმარდება, და გაცილებით მცირეა იმ ფასნამატზე, რასაც ადებენ სუპერმარკეტები და სადისტრიბუციო კომპანიები. ამის შედარება დღგ-სთან რა თქმა უნდა არაადეკვატურია,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ქვეყანაში მოქმედი დღგ შეადგენს 18%-ს, რაც 10 ლარის პროდუქტზე 1.53 ლარს შეადგენს. შესაბამისად, დღგ-ს გარეშე 10 ლარის ღირებულების პროდუქტი 8.47 ლარი იქნებოდა.

















