,,დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად დასცილდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ხალხის ინტერესებს”

„ეს ყველაფერი არის უაღრესად საგანგაშო და ეს ყველაფერი გარდაუვლად აყენებს სახელმწიფოს მხრიდან პასუხის გაცემის საჭიროებას,“ – ეს განცხადება, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ თავმჯდომარემ, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დავით ბაქრაძემ გააკეთა.

დავით ბაქრაძე ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალურ ინტერვიუს ეხმაურება, რომელმაც ბიზნესზე-რეკეტში პირადად ივანიშვილის ჩართულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები ივანიშვილის დავალებებს ასრულებდნენ.

დავით ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში სისტემური კორუფცია არსებობს, რასაც არაფორმალური მმართველობაც ემატება.

„ის, რაც გუშინ მოვისმინეთ სცილდება ყოველგვარ ზღვარს და ადასტურებს, რომ დღეს ქვეყანაში „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ დააბრუნა შევარდნაძის დროინდელი სისტემური კორუფცია, როდესაც მთელი უმაღლესი ხელისუფლება ჩართულია კორუფციაში და კორუფციულ სქემებში და უფრო წინაც წავიდა „ქართული ოცნება“ და შევარდნაძის კლანურ სისტემაზე წინ დგას არაფორმალური მართვის, მაფიოზური მართვის ის მოდელი, რომელიც დღეს მოქმედებს სახელმწიფოში,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, დღევანდელ ბრიფინგზე მმართველი პარტიის წარმომადგენლებს არც კი უთქვამთ, რომ აღნიშნულ საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავეებს დასჯიან.

„ეს ყველაფერი არის უაღრესად საგანგაშო და ეს ყველაფერი გარდაუვლად აყენებს სახელმწიფოს მხრიდან პასუხის გაცემის საჭიროებას. მაგრამ ვინ უნდა გასცეს ეს სახელი. ჩვენ ყველამ მოვისმინეთ დღეს „ქართული ოცნების“ ბრიფინგი, „ქართული ოცნების“ პასუხი, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ დღევანდელი ხელისუფლება მთლიანად დასცილდა სახელმწიფოებრივ ინტერესებს, ხალხის ინტერესებს,“ – განაცხადა ბაქრაძემ.

ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის სკანდალური ინტერვიუ გადაცემა „კვირის აქცენტებში“ გავიდა, სადაც მან ისაუბრა იმ რეკეტზე, რომელსაც ივანიშვილი ახორციელებს. მისი თქმით, პირადად ივანიშვილმა მოსთხოვა 4 მილიონის გადახდა და ასევე, ამ დროს მის გვერდით მაღალჩინოსნები იმყოფებოდნენ, მათ შორის, გიორგი გახარია.

ოქუაშვილი დეტალურად ყვება, როგორ მოსთხოვა მას ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ჯგუფის წევრმა, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ ბიზნესის ლობირებისთვის 4 მილიონის გადახდა.

banner
წინა სტატიაშისალომე ზურაბიშვილი – ბევრი რამ რაც გაკეთდა, არ იქნა მიტანილი ხალხამდე
შემდეგი სტატიაზაზა ოქუაშვილი გაუგებარი ჩანაწერებით ცდილობს ჩრდილი მიაყენოს ჩვენს ხელისუფლებას, რომლის დახმარებითაც ბიზნესი დაიბრუნა