“დღეში 5-10 შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის, მთავარია შემთხვევები ათეულობით არ იყოს”

region
ავტ.: region ივნისი 22, 2020 15:40

“დღეში 5-10 შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის, მთავარია შემთხვევები ათეულობით არ იყოს”

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში ამ დროისთვის ეპიდსიტუაცია მართვადია.

თუმცა, მისივე თქმით, ღონისძიებების შემსუბუქებასთან ერთად, ინფექციის გავრცელების რისკებიც არსებობს, ამიტომ ყველამ უნდა დაიცვას რეკომენდაციები, რომლებსაც სპეციალისტები იძლევიან.

„მოგეხსენებათ, ქვეყანაში 27 აპრილიდან დაიწყო შემსუბუქების პროცესი, ნაბიჯ-ნაბიჯ, ეტაპობრივად იხსნება მთელი რიგი ბიზნესები ქვეყანაში, ეს ასეც უნდა იყოს. როგორც ხედავთ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია მართვადია და ის იძლევა საშუალებას, რომ ქვეყანაში შემსუბუქების პოლიტიკა გაგრძელდეს, მეტ ადამიანს მიეცეს საშუალება საქმიანობის დაწყების, სამუშაოების, სამსახურების ისევ ამოქმედების და ა.შ. ამიტომ, თავისთავად ამ შემსუბუქების პოლიტიკაში გარკვეული რისკები არის, მაგრამ ეს რისკები მართვადია. თუ ყველა შევასრულებთ წესებს, სწორედ გავიკეთებთ პირბადეს, ყველა დახურულ დაწესებულებაში მას გამოვიყენებთ, რისკი უფრო მინიმალური იქნება.

ირგვლივ მყოფ ქვეყნებს თუ შეადარებთ, საქართველოში დღევანდელ ეტაპამდე გვაქვს შედარებით მშვიდი სიტუაცია და მადლობა ეკუთვნის ამისთვის ჩვენს მოსახლეობას, რომელმაც სამი-ოთხი თვის განმავლობაში სერიოზული დამყოლობა გამოიჩინა, ასრულებდა იმ რკეომენდაციებს რასაც ჯანდაცვის სფერო იძლეოდა. დღეს უფრო მეტია ჩვენი ვალდებულება, რომ მეტად შევასრულოთ ეს რეკომენდაციები. ხაზს ვუსვამ, რომ ეპიდსიტუაცია არ გავაუარესოთ ქვეყანაში. დღეს სიტუაცია მართვადია, კონტროლს ემორჩილება“,- განაცხადა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის განმარტებით, დღეში 5-10 შემთხვევა პანიკის საფუძველი არ არის, მთავარია შემთხვევები ათეულობით არ იყოს.

„დღესაც განვაცხადე სხდომაზე, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია რაც გვაქვს დღიურად – სამი, ხუთი, იგივე ათი შემთხვევა, შეიძლება იყოს, რადგან ბევრი ქართველი, ჩვენი თანამემამულე ბრუნდება, შემოდიან სხვადასსვა ქვეყნიდან, კარანტინში ბრძანდებიან, კარანტინში აღმოვაჩინეთ რამდენიმე შემთხვევა ბოლო დღეებში, ეს მოსალოდნელია, მაგრამ მართვადია. არ არის პანიკის საფუძველი, თუ დღეში გვექნება 5-10 შემთხვევა. ჩვენ არ გვინდა, რომ გვქონდეს რამდენიმე ათეული, ამას უნდა ვერიდოთ და თქვენთან ერთად დავიცვათ ეს რეკომენდაციები, რათა 5-10 არ გახდეს რამდენიმე ათეული“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

region
ავტ.: region ივნისი 22, 2020 15:40

Google სტატისტიკა


2,719
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics