დღეს წყდება თუ როგორ გზას აირჩევს საქართველო – ნიკა გვარამია

გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით “რუსთავი 2”. ეს დღეს ისეა საჭირო, როგორც არასდროს, – ამის შესახებ „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ნიკა გვარამიამ აღნიშნა, დღეს ნამდვილად წყდება არა მხოლოდ ამ კომპანიის, აქ მდგომი ადამიანების ბედი, არამედ ყველა იმ ადამიანის ბედი, ვინც კამერებთან დგას და ვინც უშუალოდ გადაწყვეტს „რუსთავი 2“-ის საქმეს.

„დღეს წყდება სამი მოსამართლის პირადი და კარიერული ბედი, როგორც საქართველოს მოქალაქეების – ეკატერინე გასიტაშვილის, პაატა ქათამაძის და ბესარიონ ალავიძის. დღეს წყდება ამ სამი ადამიანის მიერ, საქართველო როგორ გზას აირჩევს. ირჩევა რუსული მოდელის ოლიგარქია, თუ იქნება სუსტი, მაგრამ დემოკრატია. ამ გადაწყვეტილებას იღებს პერსონალურად ეს სამი მოსამართლე. ამ სამ ადამიანზე გადის საქართველოს განვითარების ისტორიული ხაზი. სამი მოსამართლე შევა ისტორიაში , მაგრამ თვითონ უნდა აირჩიონ, როგორ შევლენ ისტორიაში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისი თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს გააცნობიეროს ხელისუფლებამ , რომელიც მთლიანად მართავს პროცესებს.

„დღეს წყდება ხელისუფლების ბედიც. ჩვენ არასდროს არ შევიცვლით ჩვენს სარედაქციო პოლიტიკას, დავრჩებით კრიტიკულ ტელევიზიად იმ შემთხვევაში, თუ „რუსთავი 2“ იქნება ისეთი, როგორიც არის დღეს. ჩვენ არ დავიხევთ უკან, არ გადავხედავთ სარედაქციო პოლიტიკას, ვიქნებით მუდმივად კრიტიკულები. მხოლოდ იმიტომ, რომ ეს არის ჩვენი არჩევანი, რომ მედიის საქმე არის კრიტიკა და არა ხელისუფლებისთვის ტაშის დაკვრა, ჩვენ ამგვარად გამოვხატავთ მაყურებლის ინტერესს. ასეა უკეთესი ყველა ჩვენგანის შვილების მომავლისთვის. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს, რა არის მისთვის უკეთესი“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

მისივე თქმით, „რუსთავი 2“-შუ მუშაობენ ადამიანები, რომლებსაც სწამთ იმისა, რასაც აკეთებენ, ემსახურებიან ქვეყანას, როგორც შეუძლიათ.

„ჩვენ მოვუწოდებთ „რუსთავი 2“-ის ტელემაყურებელს, მხარდამჭერს და არა მხოლოდ მათ, ყველას, ვისაც აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა ქვეყნის მომავლის მიმართ – დაიცავით „რუსთავი 2“. თქვენ გარეშე ეს ამბავი ძალიან გართულდება. დაიცავით ყველა მეთოდით, ყველა შესაძლებლობით, რომელიც ნებადართულია კანონით, ნებადართულია თავისუფალი ადამიანისთვის. თავისუფლების დაცვა და ქვეყნის მომავლის დაცვა ისეა თქვენს ხელში, როგორც არასდროს. შეიძლება, არასდროს არ გქონდეთ ბედნიერება, საკუთარი ხელით დაიცვათ თქვენი და შვილების მომავალი, ისე როგორც ეს ბედნიერება გაქვთ დღეს. გამოდით, ნებისმიერ აქციაზე, სადაც მოგიწოდებენ, პასუხისმგებლობიანი პოლიტიკური ძალები, არასამთავრობო ორგანიზაციები, გამოდით ჩვენს დაძახილზე და ფიზიკურად დაიცავით „რუსთავი 2“. ეს დღეს ისეა საჭირო, როგორც არასდროს. ეს დღეს ისე შედის თქვენს შესაძლებლობებში, როგორც არასდროს აქამდე. დღევანდელი დღე უნდა გავაკეთოთ ჩვენ თვითონ. დღე, რომელიც აუცილებლად გადაწყვეტს, როგორი იქნება ხვალინდელი დღე. “რუსთავი 2” არ ნებდება, აგრძელებს ბრძოლას, აქვს კეთილგონიერების იმედი იმ ადამიანების, ვინც გადაყვწვეტილებას მიიღებს სასამართლოში“, – განაცხადა ნიკა გვარამიამ.

banner
წინა სტატიაშიანჯელინა ჯოლი ბრეტ პიტთან დაშორების შემდეგ სახალხოდ პირველად გამოჩნდა
შემდეგი სტატიათბილისის შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს