დღეს თბილისში უნგრეთის პრემიერმინისტრი ჩამოდის

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საქართველოს დღეს ორდღიანი ვიზიტით უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი ეწვევა. უნგრელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაური გიორგი კვირიკაშვილი პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. უნგრეთის პრემიერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია ორი ქვეყნის მთავრობებს შორის დოკუმენტებზე ხელმოწერის ცერემონია.

11:30 საათზე, ვიქტორ ორბანი და გიორგი კვირიკაშვილი მედიისთვის ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

უნგრეთის პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველო-უნგრეთის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომლის მონაწილეებს 12:00 საათზე გიორგი კვირიკაშვილი და ვიქტორ ორბანი მიმართავენ.

დაგეგმილია ვიქტორ ორბანის შეხვედრა ასევე საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძესთან.

უნგრეთის რესპუბლიკის ოფიციალურ დელეგაციაში, პრემიერმინისტრთან ერთად შედიან მისი მეუღლე ანიკო ლევაი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრი პიტერ სიიარტო, ეროვნული ეკონომიკის მინისტრი მიჰაი ვარგა, ადამიანური რესურსების მინისტრი ზოლტან ბალოგი, სოფლის მეურნეობის მინისტრი შანდორ ფაზეკაში, ეროვნული განვითარების სამინისტროს ენერგეტიკის საქმეთა სახელმწიფო მინისტრი ანდრაშ არადსკი და პრემიერმინისტრის კაბინეტის უფროსი იანოშ ნაგი იმყოფებიან.

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უნგრეთის პრემიერმინისტრი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მეათეკლასელმა გოგომ თავი ჩამოიხრჩო
შემდეგი სტატიაინვესტიცია წარუმატებელ პროექტში-აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ლავროვის სოხუმში ვიზიტს აფასებს