ცნობილია დრო, როდის ჩაინიშნა საქალაქო სასამართლოში ბაჩო ახალაიას პროცესი – ყოფილი თავდაცვის მინისტრის აღკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს, 13:00 საათზე იმსჯელებს.
ჯერ უცნობია, თუ რომელ მოსამართლეს დაეწერა ყოფილი ძალოვანის საქმე.
ცნობისთვის, თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ბაჩო ახალაია, რომელიც “ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მოიხადა, 25 დეკემბერს კვლავ დააკავეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოფილ ძალოვანს 4 ოქტომბრის მოვლენების “მთავარ ორგანიზატორად” მოიაზრებს.
შეგახსენებთ, მდინარაძის უწყებაში ამტკიცებენ, რომ ბაჩო ახალაიას საცხოვრებელ სახლში არსებული IP მისამართიდან გარკვეული პირი (ან პირები) სისტემატურად უკავშირდებოდნენ იმ ადამიანებს, ვისაც გამოძიება 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორებად მიიჩნევს. საუბარია მურთაზ ზოდელავასზე, ლაშა ბერიძეზე, ირაკლი ნადირაძეზე, პაატა მანჯგალაძესა და პაატა ბურჭულაძეზე.
სუს-ში აცხადებენ, რომ კომუნიკაცია ინტერნეტ აპლიკაციების მეშვეობით უშუალოდ 4 ოქტომბერსაც ხორციელდებოდა.
რის შესახებ მიმდინარეობდა საუბარი ინტერნეტით კავშირის დროს? – სუს-ს ამაზე არაფერი უთქვამს.

















