დღეს საქართველოში მთავარ გამოწვევას მოქალაქეების საარჩევნო ყუთებთან მიყვანა წარმოადგენს

პრეზიდენტისაქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას საქართველოში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების შესახებაც ისაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, დღეს საქართველოში მთავარ გამოწვევას მოქალაქეების საარჩევნო ყუთებთან მიყვანა წარმოადგენს.

“ჩვენ მოახლოებული არჩევნების გათვალისწინებით გამოწვევების წინაშე ვდგავართ. ორი დღის წინ მე გადავაგზავნე განკარგულება არჩენების 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ. დღეს მთავრობა დაეთანხმა მას და კონტრასიგნაცია მოხდება 8 ივნისს. ეს აძლევს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს ოთხი თვის განმავლობაში საკმაოდ გრძელი და პროგნოზირებადი საარჩევნო კამპანიის წარმართვის შესაძლებლობას. ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ უნდა გადავლახოთ დღეს საქართველოში არსებული მთავარი გამოწვევა, რაც ამომრჩევლების საარჩევნო ყუთებთან მიყვანას გულისხმობს. სამწუხაროდ, ჩემს ქვეყანაში საკმაოდ დიდია ისეთი ამომრჩევლების რაოდნეობა, რომლებსაც ჩამოყალიბებული არჩევანი ჯერ არ გააჩნიათ. ვფიქრობ, რომ ეს ამ არჩევნებზე ყველაზე სერიოზული გამოწვევაა”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნების წინ საქართველოში პროდასვლურ ძალებსა და ევროსკეპტიკოსებს შორის კონკურენცია სერიოზულია.

“ამ ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ძალიან სუფთა, სამართლიანი კონსტრუქციული საარჩევნო კამპანია. დიდი იმედი მაქვს ჩვენი მეგობრების, პარტნიორების, რომ სადამკვირვებლო მისიები, რომლებიც მოვიწვიეთ, იქნება გრძელვადიანი და ორიენტირებული საარჩევნო პროცესის დეტალურ განხილვაზე. ამ კონტესტში მსურს აღვნიშნო, რომ ამ არჩევნების სერიოზული ნაწილი იქნება პროდასავლურ პოლიტიკურ პარტიებსა და ევროსკეპტიკოსებს შორის კონკურენცია.ეს პროცესი განვითარდება ვარშავის სამიტის, ვიზალიბერალზიაციის პროცესის პარალელურად და ამ საერთაშორისო პროცესების შედეგები უდაოდ აისახება საქართველოზე” , – აღნიშნა პრეზიდენტმა.

საქარველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები წარმატებით ჩაივლის, რაც საქართველოს დემოკრატიას კიდევ უფრო განამტკიცებს.

“ჩვენ იმედი გვაქვს ამ არჩევნების წარმატების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების წამატებული განვითარების და გვჯერა, რომ არჩევნების ბოლოს ჩვენ გვექნება კიდევ უფრო მტკიცე დემოკრატია და კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამთ წინ იმ გზაზე, რომელიც საქართველომ არა ჩემი პრეზიდენტობის, ან წინა პრეზიდენტების მმართველობიი დროს, არამედ რომელიც ქართველმა საზოგადოებამ დიდი ხნის წინათ აირჩია”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიფინეთში დათვმა სამხედრო მანიოვრები ჩაშალა
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი ევროპარლამენტში საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხებში ევროპარლამენტის მომხსენებელს მარია გაბრიელს შეხვდა