დღეს საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რუსეთს შეხვდება

დღეს საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მესამე ტურში სტუმრად, ქალაქ კალინინგრადში რუსეთის ნაკრებს შეხვდება.

მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილება შეიტანა. შერკინების ხაზში ძირითადში გიორგი ჭყოიძე, გიორგი თხილაიშვილი და გიორგი მელიქიძე დაბრუნდნენ. რაც შეეხება ხაზის მოთამაშეებს, ტრავმირებულ დემე თაფლაძეს სანდრო თოდუა შეცვლის.

საქართველოსა და რუსეთის ნაკრებ გუნდებს შორის აქამდე ჩატარებული 24 შეხვედრიდან ქართველებმა 22 მოიგეს, ერთი ფრედ დასრულდა და ჩვენი გუნდი მხოლოდ ერთხელ – 28 წლის წინ დამარცხდა.

იმ 15 მორაგბიდან, რომელიც დღეს მოედანზე გავა, ყველაზე გამოცდილი სანდრო თოდუაა, რომელიც ნაკრებში 92 შეხვედრას ჩაატარებს, ყველაზე მეტი – 139 ქულა კი თედო აბჟანდაძის ანგარიშზეა.

მომდევნო კვირას, ქართველი მორაგბეები „რაგბი ევროპის“ 2021 წლის გათამაშების მეოთხე ტურში რუმინეთს უმასპინძლებენ, რომელსაც მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გულშემატკივრის 30% დაესწრება.

დღეს რუსეთ-საქართველოს შორის 25-ე სარაგბო დაპირისპირება 15:00 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას ტელეკომპანია „იმედი“ წარმოგიდგენთ.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო – სკოლებში ვირუსით ინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზეა
შემდეგი სტატიაახალციხის კლინიკის სამედიცინო ხელმძღვანელი – მეგი ბაქრაძეს ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება გაეწია