“დღეს, საქართველოს გავლით აზიიდან ევროპაში და პირიქით საქონლის ტრანზიტი შთამბეჭდავად მარტივი და იაფია”

ჩვენ ვმუშაობთ ტარიფებისა და საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციაზე. უკვე დღეს, საქართველოს გავლით აზიიდან ევროპაში და პირიქით საქონლის ტრანზიტი შთამბეჭდავად მარტივი და იაფია,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა CAMCA-ს რეგიონულ ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

მისივე თქმით, მუაობა მიმდინარეობს საჭირო “ტექნიკის” შექმნაზე, რაც გულისხმობს სატრანსპორტო და ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურას.

„პარალელურად, ჩვენ დიდ პროგრესს მივაღწიეთ “პროგრამული უზრუნველყოფის” – საერთაშორისო ვაჭრობის კუთხითაც. სატრანსპორტო და ლოჯისტიკური ინფრასტრუქტურის თვალსაზრისით, ჩვენი შავი ზღვის პორტების შემდგომი განვითარება მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ანაკლიის ახალი ღრმაწყლოვანი პორტის გეგმა შემუშავდა აშშ-ში, ნიუ ჯერსიში დაფუძნებული Conti ჯგუფის და ქართული „თიბისი ჯგუფის“ მონაწილეობით შექმნილი კონსორციუმის მიერ – მისი წლიური ტვირთბრუნვა 100 მილიონი ტონა იქნება და აქ შესაძლებელი იქნება პანამაქსის ტიპის დიდი გემების განთავსება. ჩვენ ასევე ვიღებთ ზომებს ჩვენი სარკინიგზო ქსელის მოდერნიზაციის მიზნით. საქართველოს აღმოსავლეთისა და დასავლეთის დასაკავშირებლად შენდება ორი დიდი გვირაბი, რაც სარკინიგზო სიჩქარეს 50%-ით გაზრდის და გაასამმაგებს ჩვენი ქსელის შესაძლებლობებს“,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანელ და თურქ პარტნიორებთან ერთად, შენდება ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზს, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს თურქეთის გავლით ევროკავშირთან დააკავშირებს. ეს შესაძლებელს გახდის აზიიდან ევროპაში საქონლის 45% -ით უფრო სწრაფ მიწოდებას.

„მსოფლიო ბანკის, აზიის განვითარების ბანკის და სხვა დონორების დახმარებით ასევე მიმდინარეობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის – საქართველოს მთავარი სატრანსპორტო არტერიის გაუმჯობესების პროცესი. ლოჯისტიკის სფერო განუწყვეტლივ ინვესტირებას საჭიროებს. შთამბეჭდავია, რომ საერთაშორისო კომპანიებმა იგრძნეს არსებული პოტენტიალი და მზად არიან ინვესტირებისთვის. მაგალითად, Gebruder Weiss, ავსტრიული სატრანსპორტო გიგანტი, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად საქართველოს პირველი ა კლასის ლოჯისტიკური ცენტრის აშენების მიზნით „თეგეტა მოტორსთან“ თანამშრომლობდა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველოს ყველა ღონეს ხმარობს შესაბამისი “ტექნიკის” შესაქმნელად და ამავდროულად, ცდილობთ, “პროგრამული უზრუნველყოფის” დანერგვასაც.

„ჩვენ უკვე ვსარგებლობთ თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით ბაზრებზე, რომლებიც 900 მილიონ ადამიანს ფარავს, დაწყებული ევროკავშირით, თურქეთითა და დსთ-ს ქვეყნებით და დამთავრებული აშშ-თი, კანადით, იაპონიითა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციით (ისლანდია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, შვეიცარია). საქართველო-ევროკავშირის შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA), რომელიც ძალაში 2014 წელს შევიდა, საქართველოს ევროკავშირის ბაზრებზე შემდგომი ინტეგრაციისა და თავისი ეკონომიკის დივერსიფიცირების საშუალებას აძლევს. DCFTA მნიშვნელოვან შეღავათებს უზრუნველყოფს ჩვენი პარტნიორებისთვისაც, ჩინურ და სხვა კომპანიებს პოტენციურად მისცემს ევროკავშირის ბაზარზე უფრო ხარჯთეფექტური გზით წვდომის საშუალებას“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

მისივე თქმით, ვაჭრობის ხელშეწყობის თვალსაზრისით, ჩინეთი საქათველოს ერთ-ერთი პრიორიტეტია.

„ჩატარდა ჩინურ-ქართული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ეკონმიკური მიზანშეწონილობის კვლევა და უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები. ჩვენი ეკონომიკური მიზანშეწონილობის ანალიზის თანახმად, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ქართული პროდუქციის ექსპორტს ჩინეთში ყოველწლიურად დაახლოებით 10%-ით გაზრდის, მათ შორის, დაგეგმილია თითქმის 29% იანი ზრდა ღვინის პროდუქციაზე. უფრო მეტიც, თავისუფალი ვაჭრობის სივრცის გაფართოების კუთხით, ჩინეთთან დადებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოს მსოფლიოს მოსახლეობის ერთი მესამედზე მიცემს წვდომას. თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გარდა, საზღვრის მართვის მოდერნიზაციის კუთხითაც ჰოლისტიკური მიდგომა გვაქვს. ვაჭრობის ხელშეწყობისა და საბაჟო კონტროლის კუთხით ჩვენ მიერ მიღწეული შესანიშნავი ბალანსი აისახება მკვეთრად გაზრდილ შესაძლებლობებში და საქართველო ახლა ფართოდ განიხილება საბაჟო ადმინისტრაციის რეფორმირების მაგალითად“, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, ასევე მიდის მუშაობა ტარიფებისა და საბაჟო პროცედურების ჰარმონიზაციაზე.

„უკვე დღეს, საქართველოს გავლით აზიიდან ევროპაში და პირიქით საქონლის ტრანზიტი შთამბეჭდავად მარტივი და იაფია“, – აღნიშნა პრემიერმა.

banner
წინა სტატიაში“გამოხატვის თავისუფლების მიმართ ჩვენი თავდადება, წელს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”
შემდეგი სტატიაპრემიერი: სადამკვირვებლო მისიას ველოდებით, რათა უზრუნველვყოთ, რომ 2016 წლის არჩევნები ყველაზე თავისუფალი და სამართლიანი იყოს