დღეს საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი გაიმართება

თბილისის საქალაქო სასამართლოში 20-21 ივნისის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ბრალდებულ ნიკა მელიას საქმეზე პროცესი დღეს გაიმართება.

მელიას უფლებადამცველის, გიორგი კონდახიშვილის ინფორმაციით, სხდომას თავად ბრალდებულიც დაესწრება.

ადვოკატის განცხადებით, პროცესზე პირველ რიგში განიხილება საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვასთან დაკავშირებული საკითხი, ამის შემდეგ კი მოსამართლე ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების, პატიმრობის გაგრძელების საკითხს განიხილავს.

როგორც უფლებადამცველი აცხადებს, პროკურორის პოზიციიდან გამომდინარე, არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიება გაუქმდეს, თუმცა, ადვოკატის შეფასებით, მას არ აქვს მოლოდინი, რომ სასამართლო აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებს.

გიორგი კონდახიშვილის ​თქმით, ნიკა მელიას გათავისუფლება სამართლიანი, კანონიერი და გონივრული ნაბიჯი იქნება.

„პირველ რიგში, განიხილება ჩვენს მიერ წარდგენილი შუამდგომლობა, რომელიც შეეხებოდა საქმეზე ახალი მტკიცებულებების დართვას. აღნიშნული მტკიცებულებები ეხება მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების ჩართულობას ნიკა მელიას ბრალდების საქმეში და მეორე – როგორ ანადგურებდნენ, მაღალი ძალოვანი სტრუქტურის თანამშრომლების მითითებით, 20 ივნისის მნიშვნელოვან მტკიცებულებებს და გარე სათვალთვალო ვიდეოჩანაწერებს. ასევე, მაღალი ალბათობის მოსამართლე განიხილავს ნიკა მელიასთვის პატიმრობის განგრძობადობის საკითხს, ვინაიდან ორ თვეში ერთხელ სასამართლოს ვალდებულება აქვს, თვითინიციატივით გადახედოს აღნიშნულ საკითხს. პროგნოზების გაკეთება რთულია, რადგან ნიკა მელიას როგორც დაკავება, ასევე გათავისუფლება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. პროკურორის პოზიციიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, არის მაღალი ალბათობა, რომ სასამართლომ შეიძლება, დააკმაყოფილოს ჩვენი მოთხოვნა, რომ ნიკა მელიას მიმართ გაუქმდეს აღკვეთის ღონისძიება და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან, თუმცა კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, რომ ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე კანონის შესაბამისად იმოქმედებს. რაც შეეხება რეალურ გადაწყვეტილებას, ეს მიიღება ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში და რა პოლიტიკურ დაკვეთასაც მისცემენ სასამართლოს, ის გაჟღერდება სასამართლო პროცესზეც. რა თქმა უნდა, ნიკა მელიას გათავისუფლება იქნება სამართლიანი, კანონიერი და გონივრული ნაბიჯი, თუმცა ხელისუფლების მხრიდან არ გვაქვს მოლოდინი, რომ გონივრული ნაბიჯი იქნება გადადგმული“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო – ინფიცირებულთა რაოდენობის მატების გამო, სკოლების კონტროლი გაძლიერდა
შემდეგი სტატიაგამოძიება დღეს ამოიღებს “ასტრაზენეკას” ფლაკონს, რომლითაც მეგი ბაქრაძე აიცრა