“დღეს, სამწუხაროდ, ტყუილ-მართალი ისეა ერთმანეთში არეული, რომ სიმართლემ თითქოსდა ფასი დაკარგა”

ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს უდრტვინველად, ყოველგვარი შფოთვის გარეშე; მხოლოდ ასეთი მიდგომებით გავართმევთ თავს ჩვენს საერთო საქმესაც, რის გარეშეც კეთილდღეობა მიუღწეველი იქნება ყოველთვის”, – ამის შესახებ ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განაცხადა.

“თქვენ მოგეხსენებათ, და ამის თაობაზე არაერთგზის გვისაუბრია, რომ ადამიანთა შორის არ არსებობენ შეუცდომელნი და უცოდველი, მაგრამ არსებობენ მათ შორის ისეთები, ვინც ივიწყებენ საკუთარ ცოდვებს და სხვების ცოდვებზე ლაპარაკობენ, ლანძღვა-გინებით და ბილწსიტყვაობით შეურაცხყოფას აყენებენ, განიკითხავენ, ასამართლებენ, რა დროსაც ყურმოკრულს, გაგონილს,ე.წ. „საიმედო“ და „სანდო“ ადამიანისგან მოსმენილს და დანახულს (ან სულაც, აბსოლუტურ სიცრუეს) ავრცელებენ ყოველგვარი დასაბუთებისა და მტკიცებულებათა გარეშე, და არც კი ფიქრობენ, რომ ამით ეშმაკს ემსახურებიან, რადგან ამის მოქმედი პირდაპირ (და ირიბადაც) ცილისმწამებლად გვევლინება; პირველი ცილისმწამებელი კი არის ეშმაკი, სული ბოროტი.

დღეს, სამწუხაროდ, ტყუილ-მართალი ისეა ერთმანეთში არეული, რომ სიმართლემ თითქოსდა ფასი დაკარგა. ერთადერთი, რაც სიმართლისადმი პატივისცემისა და ერთგულების შენარჩუნებაში ეხმარება ადამიანს, არის ცოცხალი რწმენა ცოცხალი ღმერთისა, მამისა და ძისა და სულისა წმიდისა! ღმერთი აერთიანებს ადამიანებს, ეშმაკი – ყოფს, გვახსოვდეს, “ეშმაკს არ სძინავს!”

რწმენა არ ჭირდება იმას, რასაც ადამიანი თვალით ხედავს და ხელით ეხება ფიზიკურად; ასეთ „რწმენას“ და სასწაულებს ურწმუნონი ეძიებენ; ამ ტიპის რწმენა უფრო კერპის თაყვანისცემაა, ვიდრე იმ ღმერთისა, რომელსაც იესო ქრისტე გვიქადაგებს; იმისათვის, რომ ადამიანები სწორ გზაზე დააყენონ და ჭეშმარიტ სარწმუნოებასა ზიარონ, იესო ქრისტე ხალხში საქადაგებლად აგზავნის თავის მოწაფეებს, და ეუბნება:

“წარვედით ყოველსა სოფელსა და უქადაგეთ სახარებაჲ ესე ყოველსა დაბადებულსა. რომელსა ჰრწმენეს და ნათელ-იღოს, ცხოვნდეს; და რომელსა არა ჰრწმენეს, დაისაჯოს“(მკ. 16,15-16).

ეს არის ღვთის სიტყვები და მისი შინაარსი ერთია – ჭეშმარიტ რწმენას პირველადი მნიშვნელობა აქვს ადამიანის გადარჩენის (ცხოვნების) საქმეში. ცოცხალი რწმენა ცოცხალი ღმრთისადმი, სასწაულთა შორის ყველაზე დიდი სასწაულია; რწმენის პირობებში ადამიანი ხედავს და აღიქვამს იმას, რაც ჩვეულებრივი თვალისთვის უხილავია; ეს არის ახალ რეალობაში დაბადება.

ყოველი ადამიანი პასუხისმგებელია იმ საქმეზე, რომელიც მას აქვს დაკისრებული და რომელიც იმავდროულად მისი არჩევანიც არის. სხვადასხვა საქმე და საზრუნავი ერთმანეთისგან შესაძლოა განსხვავებულია, მაგრამ ყველას თავისი საჭიროება და მნიშვნელობა აქვს; საქმეს, რომელსაც აღასრულებ, მოეკიდე კეთილსინდისიერად, პასუხისმგებლობით და სხვაზე ნუ დაგრჩება თვალი, თორემ შინაგანი მღელვარება დაგეუფლება, განკითხვაშიც ჩავარდები, და შენს საკეთებელსაც დააკლდება მზრუნველი და კეთილსინდისიერი მუშაკი.

ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს უდრტვინველად, ყოველგვარი შფოთვის გარეშე; მხოლოდ ასეთი მიდგომებით გავართმევთ თავს ჩვენს საერთო საქმესაც, რის გარეშეც კეთილდღეობა მიუღწეველი იქნება ყოველთვის”, – განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

banner
წინა სტატიაშივადაგასული ხორცის აღმოჩენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
შემდეგი სტატიათეონა ჭალიძე: სამი დღის დაფუძნებულ კომპანიებს არ ვანდოთ ათასობით ბავშვის კვება