დღეს რუსთავი2-ზე გადის ბრძოლის ხაზი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის – დავით ბაქრაძე

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე რუსთაველის გამზირზე რუსთავი 2-ის მხარდამჭერ აქციას ესწრებოდა. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, დღეს რუსთავი 2-ზე გადის ბრძოლის ხაზი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის:

„ძალიან მიყვარს რუსთავი 2, ძალიან მიყვარს მისი გადაცემები, მისი ჟურნალისტები, მაგრამ დღეს მე აქ არ მოვსულვარ რუსთავი 2-სთვის, მე დღეს აქ მოვედი ჩემი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. დღეს რუსთავი 2-ზე გადის ბრძოლის ხაზი ამ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის. თუ საქართველოში არ იქნა თავისუფალი სიტყვა, თუ საქართველოში არ იქნა კრიტიკული მედია, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვერასდროს ვერ ვიქნებით ნორმალური სახელმწიფო. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი შვილები ვერ იცხოვრებენ ევროპულ საქართველოში. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ თავადაც ვერ ვიქნებით შინაგანად თავისუფალი, რა თქმა უნდა მე დღეს აქ მოვედი რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად, მაგრამ რუსთავი 2-ის მხარდაჭერით მე მხარს ვუჭერდი ჩემს საკუთარ თავისუფლებას. ჩემს საკუთარ უკეთეს საქართველოს, მხარს ვუჭერდი იმას, რომ ჩვენმა შვილებმა და მათმა თაობამ იცხოვრონ ნორმალურ, დალაგებულ ევროპულ ქვეყანაში, ეს ბრძოლის ხაზი გადის დღეს რუსთავი 2-ზე, მოგწონთ თუ არ მოგწონთ რუსთავი 2, დღეს ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან თითოეულ თქვენგანს უნდა მოგწონდეთ უკეთესი ქვეყანა, უკეთესი ცხოვრება, უფრო ღირსეული საქართველო, ამ ყველაფერს რუსთავი 2-ის დახურვა უქმნის ფუნდამენტურ საფრთხეს, ამიტომ ვიდგები ბოლომდე, როგორც პოლიტიკოსი და როგორც რიგითი მოქალაქე.

სამწუხაროდ ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნებისმიერ ფასად, თუნდაც საქართველოს დაზიანების ფასად, ბოლომდე მივიდეს და ჩაიგდოს რუსთავი 2 ხელში, მაგრამ ერთადერთი მიზეზი რისთვისაც ამას ვერ აკეთებს, არის ჩვენი ერთიანი ბრძოლა“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

banner
წინა სტატიაშინუ გაჰყვებით ბარაბას გზას, გაჰყევით მარო მაყაშვილის გზას, გაჰყევით ქრისტეს გზას – ნიკა გვარამია
შემდეგი სტატიაჩვენ შეჩვეულები ვართ ბრძოლას – დიანა ჯოჯუამ აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა