დღეს რუსეთი და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთი ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმდნენ

ცხინვალში პუტინის დამტკიცებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს.

დღეს რუსეთის ფედერაციის ე.წ. ელჩმა „სამხრეთ ოსეთში“ მარატ კულახმეტოვმა და დე ფაქტო რესპუბლიკის „საგარეო საქმეთა მინისტრმა“ დიმიტრი მედოევმა ფორმალურად ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც კრემლის ლიდერმა ვლადიმირ პუტინმა ჯერ კიდევ 4 აგვისტოს დაამტკიცა.

საუბარია ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონთან ე.წ. ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებაზე.

ხელმოწერის შესახებ ინფორმაციას კრემლის პროპაგანდისტული რესურსი „სპუტნიკი“ ავრცელებს.

ხელმოწერის ცერემონია საზეიმო ვითარებაში გაიმართა, მხარეებმა ერთმანეთს ხელიც ჩამოართვეს. ამ შეთანხმების თანახმად, „ერთი მხარის მოქალაქეები უფლებამოსილნი არიან ამავე მხარის მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე, მიიღონ მეორე მხარის მოქალაქეობა“. ასევე, დოკუმენტში ნათქვამია, რომ ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები, გაივლიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს იქ, სადაც მუდმივად ცხოვრობენ გაწვევის მომენტში. აგრეთვე, ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეებს, რომლებმაც ერთი მხარის სამხედრო სავალდებულო სამსახური უკვე აქვთ გავლილი, მეორე მხარის სამხედრო გაწვევისგან თავისუფლდებიან. ამ შეთანხმების დადების დავალება ვლადიმერ პუტინმა ჯერ კიდევ 4 აგვისტოს გასცა.

ის, რომ ოკუპირებული რესპუბლიკები, რომლებიც ამდენი წელი თავს დამოუკიდებლად ასაღებდნენ, სინამდვილეში საბოლოოდ რუსეთის პროვინციებად იქცნენ, კიდევ ერთი ფაქტით დადასტურდა – რუსეთის ფედერაციის საპარლამენტო არჩევნები „დამოუკიდებელ“ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთშიც ჩატარდა. როგორც „ეხო კავკაზა“ იუწყება, აფხაზეთში ამ არჩევნებში მონაწილეობა 140 ათასმა ადამიანმა მიიღო, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა გააჩნიათ. როგორც ამავე მედია საშუალების კორესპონდენტს განუცხადეს, დე ფაქტო აფხაზეთში არჩევნების პროცესს რუსეთის ცესკომ გაუწია ორგანიზიება. ასლან ბჟანიამ ამაყად განაცხადა, რომ სახელმწიფო დუმის არჩევნები რუსეთის სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესი მოვლენაა და რადგან აფხაზეთისა და რუსეთის მოქალაქეა, არჩევნებზე მისვლა და ხმის მიცემა მისი სამოქალაქო ვალი იყო.

აღსანიშნავია, რომ მაგალითად, სოხუმში ორი საარჩევნო ოლქი იყო, რომლიდანაც ერთი ეკუთვნოდა ზაბაიკალიეს ოლქს, ხოლო მეორე ვორონეჟის ოლქს. ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ რუსეთის საელჩოს წარმომადგენლის თქმით, ხმის მიცემის პროცესში შეეძლოთ მონაწილეობა მიეღოთ იმ პირებსაც, ვისაც არ აქვთ რუსეთის მოქალაქეობა, მაგრამ შენარჩუნებული აქვთ საბჭოთა პასპორტები. ახლა გავიგოთ რას ამბობს სოხუმის მაცხოვრებელი ვინმე ირინა, რომელმაც „ეხო კავკაზას“ ინტერვიუ მისცა-„მიმაჩნია, რომ ხმის მიცემა ყველას ვალია. ამიტომ ყოველთვის დავდივარ არჩევნებზე. არანაირი აგიტაცია ქალაქში არ ყოფილა, არც ტელევიზიით. მოვედი საარჩევნო უბანზე და ვნახე პლაკატი ყველა კანდიდატით. როგორც ვხვდები ყველა მათგანი იმიერბაიკალეთიდან (ზაბაიკალიე) არიან. რადგან არავის ვიცნობ, ხმა მივეცი ერთადერთ ქალბატონს სიაში.“ აი ასეთ აბსურდულ არჩევნებში იღებენ მონაწილეობას აფხაზები და ოსები, რომლებსაც აღმოსავლეთ ციმბირის რომელიღაც ქალაქების პოლიტიკოსებისთვის ხმის მიცემის ფარსში მოუწიათ მონაწილეობის მიღება.

ასეთივე ფარსში მონაწილეობის მიღება შეძლეს კრემლის მიერ უკრაინისთვის წართმეული დონეცკის და ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკების მაცხოვრებლებმაც. „ეხო კავკაზას“ მიერ გამოკითხულმა პირებმა განაცხადეს, რომ ხმა მისცეს იმ პარტიებს, რომლებიც გვაიძულებენ ეთანხმებით თვითაღიარებული რესპუბლიკების მიერთებას რუსეთთან.ფაქტია, ასე გაგრძელების შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებლებს, მით უფრო როდესაც მათი შვილები განათლებას უპირატესად რუსულ ენაზე იღებენ, სრული ასიმილაცია ელით იმ „მოძმე“ რუსეთთან, რომლისთვისაც მათი ეთნიკური სიამაყე, დამოუკიდებლობის სურვილი თუ ამაყი კავკასიური ხასიათი, უბრალოდ „разменная монета“-ა და მეტი არაფერი.

ლევან შონია

banner
წინა სტატიაშიმეუფე სტეფანეს გონივრული ვადა: სალხინოს სამინისტრო კომპლექსში შესაძლოა პოლიცია მივიდეს
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა