დღეს რაც ხდება, საკმაოდ მძიმედ აისახება „ქართული ოცნების“ როგორც დღევანდელ დღეზე, ისე ხვალინდელზე – ჭიჭინაძე

დღეს რაც ხდება, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მძიმედ აისახება „ქართული ოცნების“ როგორც დღევანდელ დღეზე, ისე ხვალინდელზე – ეს განცხადება, დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ, მმართველ გუნდში არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას გააკეთა.

ჭიჭინაძე ამბობს, რომ დღეს “ქართულ ოცნებაში” ბევრი გამოწვევაა და ამ გამოწვევას ქმნიან ის ადამიანები, რომლებსაც საზოგადოებაში ავტორიტეტი არ გააჩნიათ. ასეთ ადამიანებად კი ჭიჭინაძე ზარდიაშვილსა კობახიძეს ასახელებს.

„რადგანაც მმართველი გუნდი ხარ, ეს ერთი და ორი კაცის გადასაწყვეტი არ არის, საზოგადოების აზრთან თანხვედრაში უნდა იყო. მაშინ თავი უნდა დაანებო მმართველ პარტიობას და წახვიდე ოპოზიციაში და შეკრა ის ხალხი, რომელსაც ხალხში არ აქვს ავტორიტეტი და შეეცადო ამ უავტორიტეტო ხალხით ძალაუფლებაში მოსვლა. მაგრამ ახლა დღეს რაც ხდება, მე ვფიქრობ, რომ საკმაოდ მძიმედ აისახება „ქართული ოცნების“ როგორც დღევანდელ დღეზე, ისე ხვალინდელზე. იმიტომ რომ ხალხის წინააღმდეგ, ჯერ არავის არ მოუგია და შესაბამისად, კობახიძეები და ზარდიაშვილები და ეს ხალხი, ეს არის ჩვენი ამომრჩევლის გამოწვევა, რომელსაც ვერავინ, ჯერჯერობით ვერ მოუგო. ამიტომ, ეს ხალხი ისევ აღმოჩნდება გამარჯვებული. თუ უნდათ, შესაბამისად, უნდა გადადგან შესაბამისი ნაბიჯები. უნდა გათავისუფლდეს „ქართული ოცნება“ ამ გაუგებარი წარმონაქმნებისაგან,“ – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.

დავით ჭიჭინაძე არ აკონკრეტებს შეუერთდება თუ არა ეკა ბესელიას გუნდს. ამბობს, რომ საპრალამენტო უმრავლესობიდან დეპუტატთა გასვლის პროცესი გრძელდება, ის კი არსებულ ვითარებას აკვირდება.

როგორც ცნობილია, დავით ჭიჭინაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ დატოვების შესახებ ოფიციალური განაცხადი უკვე გააკეთა.

როგორც ცნობილია, ეკა ბესელია პარლამენტში ფრაქციას შექმნის. ბესელიამ განაცხადა, რომ შემოიკრებს იმ ადამიანებს, ვისთანაც ღირებულებითი ერთობა აქვს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეს ახალი ფრაქციის ჩამოსაყალიბებლად მინიმუმ 6 წევრი სჭირდება.

ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი ხვდება ინდივიდუალურად საპარლამენტო უმრავლესობის იმ წევრებს, რომლებიც არ ეთანხმებიან მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნას. სავარაუდოდ, ეს შეხვედრები ვერ შეაჩერებს იმ პროცესს, რომელიც უმრავლესობაში დაიწყო.

banner
წინა სტატიაშითეთრიწყაროში 7 ცხენის ქურდობისთვის ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს
შემდეგი სტატიამე დამოუკიდებლად მირჩევნია ამ ეტაპზე საპარლამენტო მუშაობა – ბექა ნაცვლიშვილი