დღეს მოხდა საკითხის იდენტიფიცირება, რაზეც მსჯელობა უნდა დავიწყოთ – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მოქმედ წესში „ქართული ოცნება“ პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა, მზად არის, ამ საკითხზე გავაგრძელოთ მუშაობა – იოსელიანი

ჩემი დოკუმენტის საფუძველზე, სასამართლო სისტემაში პრობლემების იდენტიფიცირება დავიწყეთ – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მოქმედ წესში უმრავლესობა პრობლემას ვერ ხედავს , – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საქართველოს პარლამენტის დეპუტატმა ლევან იოსელიანმა ჟურნალისტებთან მართლმსაჯულების საკითხზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

იოსელიანი აცხადებს, რომ მათ მიერ დასახელებული პრობლემური საკითხების ნაწილს „ქართული ოცნება“ ეთანხმება, ნაწილში კი პრობლემას ვერ ხედავს, თუმცა სამსჯელოდ მზად არის.

“მე წარმოვადგინე 15 გვერდიანი დოკუმენტი, რომელიც ეფუძნება იმ პრობლემებზე საუბარს, რაც სასამართლო რეფორმების ე.წ. ტალღების შედეგად დღემდე დაგროვდა, მათ წარმოადგინეს დოკუმენტი, სადაც არის ფაქტობრივი მასალა, აქამდე რა ხდებოდა – რა დროს რა კანონო მიიღეს, ამიტომ არის ეს დოკუმენტი ასეთი ვრცელი და ის არ ასახავს მათ დამოკიდებულებას ამ პროცესის მიმართ.

ჩემი დოკუმენტის საფუძველზე ჩვენ დავიწყეთ იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რომელიც მიმაჩნია, რომ სასამართლოში არსებობს – დაწყებული იუსტიციის საბჭოთი, შემდეგ, იუსტიციის უმაღლესი სკოლა, მოსამართლეთა დანიშვნის წესი, მოსამართლეთა დროებითი , 3 წლის ვადით განწესების წესი, მოსამართლეთა დისციპლინარული პასუხისმგებლობის საკითხი. ბევრი ასეთი საკითხია, რომელიც დღეს უბრალოდ მოვნიშნეთ, შემდგომში რა საკითხების დეტალური განხილვა გვექნება. შევთანხმდით, რომ შემდეგ შეხვედრას, ხვალ, დაესწრებიან არასამთავროვო ორგანიზაციები, ვინც მართლმსაჯულების საკითხებზე მუშაობენ. დღეს მოხდა იდენტიფიცირება საკითხის რაზეც მსჯელობა უნდა დავიწყოთ. მათ თქვეს რომ ყველა საკითხზე მზად არიან სასაუბროდ. ჩემს მიერ ჩამოთვლილი საკითხების ნაწილში ქართული ოცნების წევრები პრობლემას ხედავენ, ნაწილში – ვერა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მოქმედ წესში ისინი პრობლემას ვერ ხედავენ, თუმცა, მზად არიან ამ საკითხზე მაინც გავაგრძელოთ მუშაობა”, – განაცხადა იოსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიგია კობახიძის ხელში ავტომატი არ გვინახავს, ნაცპუტჩისტებო! – გიორგი გამსახურდია
შემდეგი სტატიაჩვენ დავსვით კითხვა, ომის შემდეგ პერიოდში იყო თუ არა შეხვედრა კელი დეგნანსა და ბატონ ბიძინას შორის, კელი დეგნანმა ამ კითხვაზე პასუხსაც თავი აარიდა, დაგვრჩა ის, რომ ბატონ ბიძინას ვთხოვოთ, დააფიქსიროს პოზიცია – დიმიტრი ხუნდაძე