დღეს მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა

“ვულოცავ საქართველოს ყველა მოქმედ და მომავალ მეზღვაურს, ასევე საზღვაო პროფესიის მოქალაქეებს. შავი ზღვა ჩვენი ევროპული კარიბჭეა, ზღვაოსნობის დაფასებასა და განვითარებას უდიდესი როლი აქვს საქართველოსთვის, როგორც ეკონომიკურად,ასევე უსაფრთხოების მხრივ თუ პოლიტიკურად. ამ დღეს განსაკუთრებულად ვულოცავ ქართული ზღვაოსნობის ახალ დასაყრდენს – ფოთის საზღვაო-საწვრთნელი ცენტრის თანამშრომლებსა და მოსწავლეებს.

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით ამ უძველესი საზღვაო ქალაქისთვის მიგვეცა საზღვაო სასწავლებელი, რომელიც ყოველწლიურად 1000-მდე პროფესიონალს შემატებს ქვეყანას. ასევე იქნება განათლების მიღებისა და კარიერული დასაქმების შესაძლებლობა არამარტო ფოთელებისთვის, არამედ მთელი ზღვისპირა რეგიონის ახალგაზრდებისთვის.

ორიოდე წლის წინ არავის სჯეროდა, რომ ქალაქის ცენტრში არსებული მაღალი კულტურული ღირებულების, მაგრამ პრაქტიკულად დანგრეული შენობის აღდგენა შესაძლებელი იყო. ქალაქის ცენტრში ამ ადგილის ხელში ჩაგდების მსურველ მეწარმეებს მზად ჰქონდათ კერძო ექსპერტებისათვის დაკვეთილი დასკვნები შენობის დანგრევის აუცილებლობაზე, რასაც ტერიტორიის გასხვისება უნდა მოჰყოლოდა. თუმცა ჩემი იმჟამინდელი გუბერნატორის პოზიციიდან, პრემიერ მინისტრ გიორგი გახარიას დახმარებით და პრინციპული მხარდაჭერით, მოვახერხეთ არამარტო ქალაქისთვის ამ ისტორიული შენობის შენარჩუნება და აღდგენა, არამედ ის ქართული ზღვაოსნობის ახალ კერად იქცა, რომელმაც ევროპასთან საქართველოს დაკავშირების საკუთარი მნიშვნელოვანი ფუნქცია უნდა შეასრულოს.

მე გუბერნატორის პოზიცია ერთი წლის და ცხრა თვის მანძილზე მეკავა, გიორგი გახარია კი ერთი წლის და ხუთი თვის მანძილზე იყო საქართველოს პრემიერ მინისტრი. ამ მოკლე დროის მანძილზე მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია ქალაქის ცენტრში ათეული წლის მანძილზე მდგარი, ნახევრად დანგრეული კულტურული მემკვიდრეობის შენობის ნაცვლად, აღდგენილი შენობა და პირველ რიგში ფოთისთვის, ხოლო შემდგომში მთელი საქართველოსთვის საზღვაო-საწვრნელი ცენტრის შემატება. სწორედ ეს მიდგომაა, რაც ასე ძალიან სჭირდება ჩვენ ქვეყანაში დაგროვილი პრობლემების შემართებით გადაჭრას და სწორედ ეს მიზანია, რის გარშემოც გიორგი გახარიას თაოსნობით ვერთიანდებით #საქართველოსთვის”- წერს მაჟორიტარი პარლამენტის წევრი, პარტია “საქართველოსთვის” წევრი, ალექსანდრე მოწერელია.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას“ – თქვენ არავითარი შანსი არ გაქვთ ხელისუფლებაში დაბრუნების, ტყუილად კარგავთ დროს, დროა, დაისვენოთ
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – სააკაშვილს უნდა ერქვას მესამე პრეზიდენტი? რომელიც გამათხოვრებული დადის ქვეყანაში, ხიდან ხეზე