დღეს მეორედ ვიდექი წვიმაში მიტინგზე 2003 წლის შემდეგ

რესპუბლიკელი დავით ზურაბიშვილი წერს, რომ დღეს დაკავებული რეპერების მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა და გამოთქვამს იმედს, რომ ის ახალგაზრდები, ვინც დღეს აქციაზე იდგა, წლების შემდეგ ამას არ ინანებენ: “არავის არასდროს დაეჩივლოს, ნუთუ ამისთვის ვიდექი წვიმაშიო”, – წერს ის.

“დღეს მეორედ ვიდექი წვიმაში მიტინგზე 2003 წლის შემდეგ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ მაშინაც იქ დგომა იყო სწორი არჩევანი და დღესაც.
გავა წლები და ის ახალგაზრდობა, დღეს რომ იქ იდგა, გახდება ქვეყნის მმართველი. ზოგი იქ მდგომი მინისტრი იქნება, ზოგი პარლამენტის წევრი, ზოგი ეს, ზოგი ის.
ეს ყველა ვარიანტში ასე იქნება, ბუნების კანონია.
და ერთადერთი რასაც ვისურვებდი ისაა, რომ მიუხედავად იმისა, ვინ ხელისუფლება იქნება, ვინ ოპოზიცია და ვის კიდევ საერთოდ ცალ ფეხზე ეკიდება პოლიტიკა, არავის არასდროს დაეჩივლოს, ნუთუ ამისთვის ვიდექი წვიმაშიო.
რადგან არასდროს არ უნდა განმეორდეს ამ ქვეყანაში ის, რომ ადამიანები დაიჭირონ კლიპის, სიმღერის, ლექსის და უბრალოდ საკუთარი აზრის გამოხატვის გამო.
და ერთხელ და სამუდამოდ უნდა დამთავრდეს ადამიანის ღირსების შემლახავი ნარკოპოლიტიკა და სამარცხვინო ჩადებები.
დღეს მე დავინახე, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ. ჩვენ ეს შეგვიძლია ყველას ერთად.
ამ წვიმაში დგომას კი შვილიშვილებს მოუყვებით, აბა ჩვენს დროს იყო აქციები თუ იყოო.
ცოტა პათეტიკაში კი გადავვარდი, რაც საერთოდ არა მჩვევია, მაგრამ ძალიან ნასიამოვნები ვარ დღევანდელი დღით და საკუთარი თავით დღევანდელ დღეში”, – წერს დავით ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, დაკავებული რეპერების, “ბირჟა მაფიის” წევრების მხარდასაჭერად დღეს რუსთაველზე აქცია გაიმართა. აქციის დასრულების შემდეგ დაკავებულებს სოლიდარობა “ფეისბუქზე” ბერა ივანიშვილმაც გამოუცხადა.

banner
წინა სტატიაშიირანმა თეირანის ტერაქტის ორგანიზატორის ლიკვიდაცია მოახდინა
შემდეგი სტატიაპირველ კლინიკურ საავადმყოფოში წვიმამ ჭერი ჩაანგრია და პაციენტთა ევაკუაცია გამოცხადდა