დღეს „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2021″ გაიხსნება

დღეს „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2021“ გაიხსნება

თბილისის მერიის მხარდაჭერით, ასევე, „მეწარმე ქალთა საბჭო საქართველოში“ და ფონდ „არტკავკასუსის“ ორგანიზებით, მიმდინარე წლის 27 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით, პირველი ფართომასშტაბიანი „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2021“ გაიმართება.

პროექტი ხელოვნების სფეროში მოღვაწე ქალბატონებს საკუთარი ნამუშევრების ფართო მასებისთვის გაზიარებისა და რეალიზების საშუალებას მისცემს. აღსანიშნავია, რომ გამოფენაში 200-ზე მეტი მოქმედი ქართველი და უცხოელი ხელოვანი ქალი იღებს მონაწილეობას.

კვირეულის მიზანი ხელოვან ქალთა ნამუშევრებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და მათი ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში, იქმნება ხელოვან ქალთა მონაცემთა ბაზა და საერთაშორისო პროფესიული ქსელი, რომლის დახმარებით პროფესიონალი და მოყვარული მხატვარი ქალები საერთაშორისო არტ სივრცეში ინტეგრაციას, კოლეგებთან ინტერნეტით კომუნიკაციასა და კარიერის მართვას შეძლებენ.

კვირეულის ფარგლებში, ხელოვნების მოყვარულებს სხვადასხვა ციფრული ღონისძიება ელით – მასტერკლასის ფორმატის „მხატვრის სახელოსნო“, ტრენინგი და სხვა. გამოფენა საზოგადოებრივი არხის ვებგვერდზე გაშუქდება. აღსანიშნავია, რომ დამთვალიერებელი, სურვილის შემთხვევაში, შეიძენს მხატვრის ნამუშევარს. მას გამოფენის საკოორდინაციო ჯგუფი, საკომისიო მომსახურების გარეშე, ავტორთან დააკავშირებს.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის პროგრამის წარმომადგენლობა საქართველოში – „შემოქმედებითი ევროპის“, საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და საზოგადოებრივი მაუწყებლის მხარდაჭერით.

კვირეულზე დასწრება და მონაწილეობა თავისუფალია. ონლაინ ვიზიტისთვის ეწვიეთ ვებგვერდს www.weekofart.com, ან გადადით მითითებულ ბმულზე. https://www.facebook.com/events/953078932120986/

banner
წინა სტატიაშიგრიგოლეთში 3 საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატია28 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით, ჟანი კალანდაძის ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივად შეიზღუდება