დღეს ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს და პოლიტიკური განაჩენი გამომიტანა მეც – გვარამია

დღეს ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს – ასე ეხმაურება ნიკა გვარამია თავმჯდომარე კობახიძის განცხადებას, რომელმაც მესამე პრეზიდენტის გადაყვანა საზღვარგარეთ, სამკურნალოდ, კატეგორიულად გამორიცხა.

ნიკა გვარამიას გზავნილი რუსთავის ციხიდან მისმა ადვოკატმა, დიტო საძაგლიშვილმა გააცნო ჟურნალისტებს. როგორც მთავარი არხის გენერალური დირექტორი ამბობს, კობახიძემ პოლიტიკური განაჩენი გამოუტანა მასაც:

“დღეს ირაკლი კობახიძემ სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა მიხეილ სააკაშვილს. გამოვიდა და ისაუბრა დიაგნოზებზე, მკურნალობის ფორმებსა და შესაძლებლობებზე და რაც მთავარია, სასამართლოს გადაწყვეტილება სასჯელის გადავადებასთან და უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით, პრაქტიკულად წინასწარ დააანონსა და განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული.
დღეს ირაკლი კობახიძემ პოლიტიკური განაჩენი გამომიტანა მეც. მეტიც, ეს განაჩენი კიდევ უფრო მძიმეა და კიდევ უფრო ღიად პოლიტიკური, ვიდრე მოსამართლე ჩხიკვაძის განაჩენი.” ნათქვამია ნიკა გვარამიას მიმართვაში.

მისივე თქმით, კობახიძე მიზანმიმართულად ტყუის, როცა ამბობს, რომ პეტრო პოროშენკოსა და იგორ დოდონს იმაზე ნაკლები დანაშაული აქვთ ჩადენილი, ვიდრე ნიკა გვარამიას. როგორც ის წერს, მსგავსი განცხადებები აზრს უკარგავს საქართველოს სასამართლო სისტემისთვის მიმართვას როგორც მისი, ისე მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში რადგან კობახიძე წინასწარ ახმოვანებს მის უკან მდგომი ივანიშვილის გადაწყვეტილებებს, რომელსაც სასამართლო გამოიტანს. ამავე დროს, ნიკა გვარამიას შეფასებით, ეს განცხადებები მნიშვნელოვნად დაეხმარება მასაც და მესამე პრეზიდენტსაც ქვეყნის გარეთ სამართლებრივ დავაში, თუმცა ცუდი გავლენა ექნება ქვეყნის ევროინტეგრაციაში:

“ეს განცხადებები მიზნად არ ისახავს მხოლოდ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხეში სიკვდილის და ჩემი პოლიტიკური პატიმრობის სახელისუფლებო დაკვეთას ეს განცხადებები მიზნად ისახავს საქართველოს ევროინტეგრაციის მიზანმიმართულ საბოტაჟს და ჩვენი ქვეყნის ისტორიული შანსის მოსპობას” ნათქვამია ნიკა გვარამიას მიმართვაში.

ის დარწმუნებულია, რომ “ოცნების” ხელისუფლებას მოუწევს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაც, პოლიტპატიმრების გათავისუფლებაც და ხელისუფლებიდან წასვლაც. ნიკა გვარამია დარწმუნებულია იმაშიც, რომ საქართველო გახდება ევროპის ნაწილი.

banner
წინა სტატიაშივიმედოვნებ, სანქციების მეექვსე პაკეტთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ, ასევე გვსურს ფინანსების მობილიზება უკრაინისთვის – მიშელი
შემდეგი სტატიადარწმუნებული ვარ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმება დღეს მოხერხდება – ბორელი