დღეს გიორგობაა

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა–ლოცვა შესრულდება.

გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია II, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრესთან, მიტროპოლიტ შიოსთან და მღვდელმთავრებთან ერთად წირვას დღეს, 10:00 საათზე ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში აღავლენს.

მსახურების დროს ტაძარში გამობრძანებული იქნება წმინდა გიორგის წმინდა ნაწილი და წმინდა დავით გარეჯელის მადლის ქვა, რომელიც მან იერუსალიმიდან წამოიღო. მორწმუნეებს მათი მოლოცვის შესაძლებლობა ექნებათ.

დღეს ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარის კურთხევის დღესასწაულიცაა. ტაძარი 14 წლის წინ გიორგობის დღესასწაულზე გაიხსნა.

წმინდა საკვირველთმოქმედი და ძლევაშემოსილი გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა და საქართველოში განსაკუთრებულად უყვართ. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში, კაბადოკიაში, მდიდარი ქრისტიანის ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით, წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის – ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. 303 წელს წმინდანს თავი მოკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.

ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას ორჯერ დღესასწაულობს. 6 მაისი წმიდანის აღსრულების დღეა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საერთაშორისო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიამკვლელობა ბოლნისში – ტყეში მამაკაცის ცხედარი იპოვეს, რომელსაც თვალები აქვს დათხრილი