18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

დღეს გია ხარჩილავას დაბადების დღეა

Screenshot

დღეს გია ხარჩილავას დაბადების დღეა. 56-ე გაზაფხული გათენდა მის გარეშე, მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომელთაც დრო ვერ აშორებს. ისინი რჩებიან არა მხოლოდ მოგონებებში არამედ ქვეყნის სულიერ ქსოვილში, როგორც ნათელი, ჩუმი და მაინც ძლევამოსილი სინათლის წყარო.
ის არ ყოფილა უბრალოდ ადამიანი ან პოლიტიკოსი.
ის იყო ისტორია, რომელიც თავად დაწერა-გულწრფელად, უშიშრად, დაუზოგავად… და ასეთი ისტორიები არ ქრება. ისინი რჩება ერში, ხალხში, თითოეულ გულში, რომელსაც ოდესმე სჯეროდა სიმართლის და რომლისთვისაც ეს სიტყვა ჯერ კიდევ ფასობს.
იყო დრო, როცა ის იდგა იქ, სადაც დგომა ყველაზე რთულია-სიმართლის მხარეს.
ერთადერთი ოპოზიციური მერი, რომელმაც არ დათმო საკუთარი პრინციპები. არ აპატიეს. ეცადნენ დაემცირებინათ, დაენგრიათ, დაემუხრუჭებინათ მისი გზა… მაგრამ ვერ გატეხეს.
ის იდგა მტკიცედ, თითქოს ძველი ეგრისის ლოდივით-მძიმე, უძრავი, შეუპოვარი… და ამავე დროს საოცრად ადამიანური, თბილი და თავისი ხალხის ტკივილით სავსე.
მან შექმნა თავისი წალენჯიხა არა მხოლოდ როგორც გეოგრაფიული ადგილი, არამედ როგორც იდეა, როგორც სული.
პატარა მუნიციპალიტეტი გადააქცია დიდ ამბად, დიდ განცდად. მსოფლიოს გააცნო ისე, როგორც მხოლოდ იმ ადამიანს შეუძლია ვისაც გულით სჯერა, რომ პატარა სივრცეშიც შეიძლება დიდი ღირსება, დიდი სიყვარული და დიდი მომავალი დაიბადოს.
დღეს, როცა ის ფიზიკურად აღარ არის ჩვენთან, მისი გზა მაინც გრძელდება…
გრძელდება იმ ადამიანებში, ვინც არ თმობს, ვინც არ ჩუმდება, ვინც ტკივილის მიუხედავად მაინც დგას და იცის სიმართლე ხშირად მძიმეა, მაგრამ ყოველთვის ღირს ამ ტვირთის ტარება.
ის ეკუთვნის ხალხს.
და სანამ ეს ერი სუნთქავს ისიც ცოცხალია.
„მე კარგი შვილი მყავდა“-ვარო კვარცხელიას ამ სიტყვებში დედის ტკივილიც არის და უსაზღვრო სიამაყეც.
მაგრამ დღეს ეს ფრაზა უფრო ფართოდ, უფრო ღრმად ისმის-საქართველოს კარგი შვილი ჰყავდა.
გია არ ყოფილა მხოლოდ ერთი ოჯახის შვილი.
ის გახდა ხალხის ნაწილი, ხალხის ხმა, ხალხის იმედი-ადამიანი, რომელიც არ ცხოვრობდა თავისთვის…
დღეს, როცა სასაფლაოს სიჩუმეში დგახარ და მის სახელს,სახეს უყურებ, დრო თითქოს ჩერდება…
ჰაერიც კი მძიმდება მოგონებებით.
თვალწინ ცოცხლდება ყოველი ნაბიჯი, ყოველი ბრძოლა, ყოველი ტკივილი, რომელიც მას არ აშინებდა. იყო დღეები, როცა თითქოს ყველაფერი წინააღმდეგ იყო, მაგრამ მაინც იდგა-მშვიდად, მტკიცედ, შეუპოვრად…
და სწორედ ამ სიჩუმეში ყველაზე ძლიერად გრძნობ, რა დიდი ძალა იდგა მის უკან.
მისი სიტყვები ისევ ისმის: „გავდივართ“…
და მაშინ არ იცოდი სად მიდიოდი,მაგრამ მან იცოდა.
იცოდა, რომ ეს გზა ხალხამდე მიდიოდა.
იცოდა, რომ ეს გზა არ იყო პირადი გამარჯვებისთვის. ეს იყო საერთო ღირსების, საერთო სიმართლის, საერთო მომავლის გზა.
დღეს თითქოს მის მიერ დატოვებული „ფორმულა მოგების“ ისევ ჩვენს წინ დევს.
მისი ნააზრევი, მისი რწმენა, მისი ბრძოლით გამძაფრებული სიბრძნე…
და ახლა ჩვენზეა-შევეხოთ ამ გზას, არ შევშინდეთ, არ შევჩერდეთ და ბოლომდე მივყვეთ იმ მიმართულებას, რომელსაც გამარჯვება ჰქვია.
ეს აღარ არის მხოლოდ მოგონება.
ეს არის პასუხისმგებლობა…
პასუხისმგებლობა, რომელიც გულში უნდა ვატაროთ, როგორც ტკივილი და ამავე დროს როგორც ძალა.
და მე…
მე მადლიერი ვარ, რომ ამ გზაზე მასთან ერთად თუნდაც ერთი ნაბიჯი გადავდგი.
მადლიერი ვარ, რომ ამ ისტორიას შევეხე- ისტორიას, რომელიც ერთმა ადამიანმა დაიწყო და ხალხმა აქცია მარადიულად.
რადგან ასეთი ადამიანები არ მიდიან.
ისინი რჩებიან- ჩვენს ნაბიჯებში, ჩვენს ხმაში, ჩვენს არჩევანში, ჩვენი მეხსირების ფირებში და
ჩვენს ბრძოლაში.
გილოცავ დაბადების დღეს, გია ხარჩილავა.
იქ, სადაც ახლა ხარ-სინათლეში.
სანამ მე ცოცხალი ვარ და გონება მიჭრის, შენ არასოდეს გაქრები…
გია ხარჩილავა, მე ყოველთვის გაგაცოცხლებ.
გაგაცოცხლებ სიტყვით, რომელიც გულიდან მოდის და გულებამდე მიდის.
გაგაცოცხლებ კალმით, რომ ფურცლებზე დარჩეს შენი გზა, შენი ბრძოლა, შენი სიმართლე.
გაგაცოცხლებ ვიდეოთი, რომ დრო ვერ გახუნოს შენი სახე, შენი ხმა, შენი თვალების ის ძალა, რომელიც სხვებს აძლიერებდა.
მე მოვყვები შენზე…
მოვუყვები ხალხს ლაკადელ გმირზე, რომელმაც არ შეუშინდა სირთულეს, რომელმაც არ დათმო სიმართლე და რომელმაც საკუთარი ხელით დაწერა ისტორია. ისეთი ისტორია, რომელიც მხოლოდ გამბედავებს ეკუთვნით.
მოვყვები ისე, როგორც იმსახურებ-გულით, პატივისცემითა და სიმართლის სრული სიმძიმით.
იცოდნენ, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ.
იცოდნენ, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.
იცოდნენ, რომ ერთი ადამიანი შეიძლება იქცეს მთელი ეპოქის ნიშნად.
სანამ სიტყვა იარსებებს შენი ისტორიაც იცოცხლებს. გია ხარჩილავას გაუმარჯოს.
“გავდივართ”…….

ავტორი: ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიბენიამინ ნეთანიაჰუ: ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ლიბანთან ისტორიულ სამშვიდობო შეთანხმებას მივაღწიოთ
შემდეგი სტატიამუდმივად განახლებადი მობაილბანკი – საუკეთესო ციფრული გამოცდილება თიბისისთან ერთად