დღეს გამოჩენილი მეცნიერის, საზოგადო მოღვაწისა და აკადემიკოსის ილია ვეკუას დაბადების დღეა.
ილია ვეკუა 1907 წლის 23 აპრილს გალის რაიონის სოფელ შეშელეთში დაიბადა. ზუგდიდის საშუალო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე გაააგრძელა სწავლა.
უნივერსიტეტის წარმატებით დამთავრებისთანავე, ნიკო მუსხელიშვილის რეკომენდაციით, ასპირანტურაში სწავლის გასაგრძელებლად ლენინგრადის უნივერსიტეტში გაემგზავრა. 1933 წელს იგი თბილისში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1944 წელს ილია ვეკუა აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად, ხოლო 1946 წელს – ნამდვილ წევრად და სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტად. 1958 წლიდან იყო სსრ კავშირის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი.
1959 წელს ილია ვეკუა ახლად დაარსებული ნოვოსიბირსკის უნივერსიტეტის პირველ რექტორად დაინიშნა.
1964 წელს ილია ვეკუა თბილისში დაბრუნდა და ორჯერ ეკავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა.
1972 წლის მაისში ილია ვეკუა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად აირჩიეს.
ილია ვეკუა გარდაიცვალა 1977 წელს. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა მთაწმინდის პანთეონში.
დიდი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის პატივსაცემად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის აკადემიკოს ილია ვეკუას სახელობის სტიპენდია დაწესდა.

















