დღეს, 3 მაისს, 18:00 ზე რუსთაველის მეტროდან სახელმწიფო კანცელარიამდე დიუშენით დაავადებული ბავშვების მხარდამჭერი მარში გაიმართება. ინფორმაციას დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ავრცელებენ.
“მარში ჩატარდება ყოველ კვირა დღეს ერთი და იმავე დროს და ადგილას, მანამ სანამ არ დაკმაყოფილდება ჩვენი მოთხოვნები.
მარშის მოთხოვნაა დიუშენით დაავადებული ბავშვების მკურნალობის დაფინანსება.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური გენეტიკური დაავადებაა, რომელიც იწვევს ადრეულ ასაკში კუნთების განლევას და სიცოცხლის შემოკლებას.
საქართველოში დიუშენით დაავადებული 100 მდე ბავშვია. მათი ნაწილს უკვე გადაადგილება უჭირს, ხოლო ნაწილი ეტლზე და ნაწილი სასუნთქ აპარატზეა მიჯაჭვული. უკვე თითქმის 2 წელია მშობლები უშედეგოდ ითხოვენ თანამედროვე პრეპარატების შემოტანას, რომლებითაც დაავადების პროგრესის შეფერხება და ბავშვების სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლიათ.
მშობლები მოგიწოდებთ ყველას, მიუხედავად თქვენი პოლიტიკური შეხედულებისა, მოდით აქციებზე და მხარი დაუჭირეთ ბავშვების სიცოცხლის გადარჩენას”,_ წერია განცხადებაში.


















