დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს წმინდა კეთილმსახური მეფის, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში საზეიმო წირვა აღევლინება. სიონის ტაძარში კი პარაკლისს პატრიარქი გადაიხდის.
წმინდა მეფე დავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა. იგი 1125 წელს აღესრულა. დავით აღმაშენებლის მეფობის დროს საქართველო უძლიერეს სახელმწიფოდ იქცა. მის სახელს მრავალი საგანმანათლებლო დაწესებულების, ეკლესია-მონასტრების მშენებლობა და ქვეყნის გაძლიერებას უკავშირდება. დავით აღმაშენებელმა ქვეყანა დამპყრობლებისგან სრულიად გაათავისუფლა, მტერი განდევნა ყველა მახლობელი ქვეყნიდანაც. ამიერკავკასიის ქვეყნებმა დავითი მეფეთა მეფედ აღიარეს და ყოველწლიურ ხარკს უხდიდნენ.

დავით აღმაშენებლის სახელს საეკლესიო რეფორმაც უკავშირდება, რომელიც XII საუკუნის დასაწყისში რუის-ურბნისის საეკლესიო კრების შედეგად გატარდა. რეფორმის შედეგად, ეკლესიიდან უღირსი სასულიერო პირები გაკვეთეს და მათ ადგილას ღირსეულნი დადგინდნენ.

დავით აღმაშენებელი 1125 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია მის მიერვე აგებულ გელათის მონასტრის სამხრეთის კართან. მოგვიანებით, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით მეფე წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

banner
წინა სტატიაშიჯეიმს აპატურაი: MAP-ის მიღება ახლა ვერ მოხდება
შემდეგი სტატიატელეკომპანია “მაესტროს” დამფუძნებელი პრემიერს მიმართავს